22.ოქტომბერი .2021 23:30

"ქვეყნიდან არტისტების გადინება დაიწყო.. კლუბების მასობრივი გაკოტრებაა მოსალოდნელი“ - დავით ლეჟავა

"ქვეყნიდან არტისტების გადინება დაიწყო.. კლუბების მასობრივი გაკოტრებაა მოსალოდნელი“ - დავით ლეჟავა
views 319
უკან

„ბოლო წერტილზე ვართ, ამის იქით კლუბების მასობრივი გაკოტრება იწყება“ - ამის შესახებ ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდ ACT4culture-ის წარმომადგენელმა დავით ლეჟავამ გადაცემა „ანალიტიკაში“ საკლუბო სექტორის გახსნის აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დარგი დიდი ხანია თბილისის მერიასთან კომუნიკაციის რეჟიმში იმყოფება და სწორედ მერიის მიერ კლუბებისთვის გაწეული სუბსიდირების პროგრამების საშუალებით სექტორმა დღემდე მოსვლა შეძლო. „მერიის მხარდაჭერის საფუძველზე სცენა გადავარჩინეთ და შემოდგომამდე მოვიყვანეთ. აქ საუბარია იმ ზარალზე, რაც კლუბებმა ბოლო 20 თვის განმავლობაში მიიღო“, - ამბობს დავით ლეჟავა.

ACT4culture-ის წარმომადგენელი იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომლის წინაშეც დღეს დგანან კლუბები.

„სრულად სცენა გაკოტრების პირასაა. ეს პროცესი დაწყებულია და ახლავე თუ არ გაიხსნება კლუბები სრულად გაკოტრდება. საუბარია, მინიმუმ 15 კლუბზე, უამრავ მუსიკალურ ბარზე, ძალიან ბევრ დასაქმებულზე. ქვეყნიდან არტისტების, ინჟინრების გადინება უკვე დაიწყო და პროფესიონალები, რომლებიც თბილისში მუშაობდნენ სამუშაოდ უკრაინაში, კიევში, ოდესაში გადავიდნენ. ახლა ბოლო წერტილია, ამის იქით სცენის მასობრივი გაკოტრება იწყება“, - აცხადებს ფონდის წარმომადგენელი.

დარგის გადარჩენისათვის მისი გახსნის გზების ძიებაში სახელმწიფო უწყებების დასარწმუნებლად ACT4culture-მ 7-8 ოქტომბერს კლუბ "ხიდში", სპეციალურად შემუშავებული რეგულაციებით კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგების მიხედვით კლუბის დახურულ სივრცეში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ზოგადად ქვეყნის მასშტაბით ინფექციის გავრცელების მაჩვენებელზე 15-ჯერ ნაკლებია. დავით ლეჟავას ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში დარგის წარმომადგენლები სახელმწიფო უწყებებთან შეხვედრას გამართავენ, სადაც თბილისის მერიას, ეკონომიკის და ჯანდაცვის უწყებებს კლუბების გახსნის მოთხოვნით ჩატარებული კვლევის შედეგებს წარუდგენენ, რის შემდეგად დარგის ამოქმედების გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა