24.ოქტომბერი .2020 19:16

"რა აზრი აქვს ადამიანი McDonald’s-ში და Wendy's-ში როდის შევა - 14:00 თუ 23:00 საათზე?!"

"რა აზრი აქვს ადამიანი McDonald’s-ში და Wendy's-ში როდის შევა - 14:00 თუ 23:00 საათზე?!"
views 804
უკან

"რესტორატორთა ასოციაციის" ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე bm.ge-სთან პრემიერ გიორგი გახარიასთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, პრემიერთან რამდენიმე საკითხი დააყენეს, პირველ რიგში კი დააფიქსირეს აზრი, რომ 22:00 საათის შემდეგ თბილისში ყველა რესტორნის დახურვა არასწორად მოხდა. ბურჯანაძე ფიქრობს, რომ ამ აკრძალვის ფარგლებში ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს რესტორნები, ისევე როგორც გამიჯნულია კლუბური და სარესტორნე ბიზნესი. მისი განმარტებით, იმ დაწესებულებებზე, სადაც ალკოჰოლის მიწოდება ნაკლებად ან საერთოდ არ ხდება, შეზღუდვები არ უნდა გავრცელდეს.

“22:00 საათის შემდეგ რომ აკრძალეს რესტორნების საქმიანობა, ეს არასწორი იყო, რადგან არ გაითვალისწინეს, რომ მაგალითად ერთ კილომეტრში, მცხეთაში იყო უამრავი რესტორანი. უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან რესტორნები, ისევე როგორც გამიჯნულია კლუბური და სარესტორნე ბიზნესი. მაგალითად, რა აზრი აქვს რომელ სააათზე შევა ადამიანი McDonald’s-ში თუ Wendy's-ში, 14:00 საათზე თუ 23:00 საათზე?! ან კაფე, სადაც ადამიანი მიდის ყავის დასალევად, რატომ უნდა დაიხუროს?!”,- აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

მისივე თქმით, “რესტორატორთა ასოციაციამ” გახარიასთან შეხვედრაზე კიდევ ერთი საკითხი დააყენა, კერძოდ, ასოციაცია ითხოვს, მთავრობა კვლავ თანხით დაეხმაროს ადამიანებს, რომლებიც ჰორეკა სექტორში საქმიანობდნენ და დარჩნენ შემოსავლების გარეშე. ასევე ასეთ ადამიანებს სახელმწიფომ ბანკებთან უშუამდგომლოს და სანამ მათ სამსახური არ აქვთ, გარანტორად დაუდგეს.

“ასევე, ვისაუბრეთ, რომ საჭიროა, საშემოსავლო გადასახადის გადავადება სექტორისთვის, ასევე დღგ-ს გაუქმება. მაგრამ აქ ჩვენი აზრები იყოფა და პრემიერი ამბობს, რომ დღგ-ს ვერ შეეხება. მისი განმარტებით, სახელმწიფო ფისკალური სისტემა დღგ-ზე დგას. თუმცა, ჩემი ინიციატივაა, რომ ამაზე მსჯელობა გაგრძელდეს. რეალურად დღგ არ არის გადასახადი, რომელიც მოგებიდან მისდის ბიზნესს, ეს არის ბრუნვის გადასახადი, შესაბამისად, გვაწევს სერიოზულ ტვირთად”,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა