მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რამ ვერ იმუშავა?" - კოვზანაძეს განათლების სამინისტროს გაყოფაზე მთავრობასთან კითხვები აქვს

602a564f628fd
შოთა ტყეშელაშვილი
15.02.21 15:22
915
განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები 2-წლიანი გაერთიანების შემდეგ კვლავ იყოფიან. პარლამენტში დღეს გამართულ განხილვაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა წარადგინა საკითხი ახალი სამინისტროს ორგანიზაციულ სტრუქტურასთან დაკავშირებით. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ბექა დოჭვირს მიმართა კითხვით, თუ რა გახდა სამინისტროების გაყოფის მიზეზი.

“რამ არ იმუშავა? 2 წლის წინ შევაერთეთ, ახლა გაყოფას განვიხილავთ. იქნებ ამის აღწერა გააკეთოთ -  რამ არ იმუშავა? დარწმუნებული ვარ, ფინანსთა სამინისტრო როდესაც შემოიტანს გარკვეულ ცვლილებებს, აქაც იქნება ცვლილებები და ჩვენ ამაზე დისკუსია მოგვიწევს. იყვნენ დეპუტატები, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ გაერთიანებას,” - აცხადებს კოვზანაძე.

მთავრობის საპარლამენტო მდივანი კი პასუხობს, რომ გაერთიანებული სამინისტროს მართვამ აჩვენა, რომ თითოეული ყოფილი სამინისტროს მართვა სხვადასხვა გამოცდილების მქონე მენეჯმენტს საჭიროებდა, ხოლო მათი გაერთიანებით სტრუქტურის ადმინისტრირება საკმაოდ რთული გახდა.

“გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ამხელა სფეროების მართვა, თანაც სფეროების, რომლებიც მენეჯმენტში განსხვავებულ გამოცდილებებს საჭიროებენ, გვაჩვენა, რომ ასეთი ადმინისტრირება არის საკმაოდ რთული. ანუ იმისთვის, რომ ყველა სფეროს სათანადო ყურადღება დაეთმოს, არის საკმაოდ რთული. ეს ხდება იმისთვის, რომ პანდემიაში არსებული გამოწვევების ფონზე კულტურის და სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს მეტი მხარდაჭერა და ყურადღება ჰქონდეთ,” - აცხადებს დოჭვირი.

რა თანხა ჯდება გაყოფა და რამდენად იზრდება ბიუროკრატიული ხარჯები?

მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, კულტურისა და სპორტის სამინისტროებში დღეს მოქმედი უწყებიდან 329 შტატი გადავა. ამ 329 შტატიდან კი, დღეს 60 ვაკანტურია, შესაბამისად, მომავალში მათი შევსება მოხდება.

“თუ არ ვცდები ახალ სამინისტროში გადადის 329 თანამშრომელი. წელს შტატების გაზრდა არ მოხდება, მაგრამ უკვე 2022 წლის ბიუჯეტში თუ იქნება შტატების ზრდა ანალიზიდან გამომდინარე საჭირო და თუ დავინახეთ, რომ სამინისტროში ის შტატები არ არის საკმარისი, რომელიც დამტკიცებულია, ბუნებრივია, ამას უკვე დაემატება შტატები, სახელფასო ფონდიც გაიზრდება.

ამასთან, დღესდღეობით, 329 შტატიდან არის 60 ვაკანტური, რომლებიც ფიზიკურად დასაქმებული არ გვყავს და შესაბამისად, ამ 60 ვაკანტური პოზიციის გამოყენებაც მოხდება საჭიროების შემთხვევაში,” - აცხადებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

შეგახსენებთ: განათლების, მეცნიერების სამინისტროს კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2018 წელს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივით გაუერთიანდა. უწყების მინისტრად მიხეილ ბატიაშვილი დასახელდა, რომელიც მოგვიანებით მიხეილ ჩხენკელმა შეცვალა.

განცალკევებული კულტურა-სპორტის მინისტრად თეა წულუკიანი განიხილება.