მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რამდენად გვჭირდება ზარალის მომტანი ვალუტა?" - "ჯორჯიან ბეიქერსის" დამფუძნებელი

5f69df15a1107
ინგა მურუსიძე
22.09.20 22:00
1912
კომპანია „ჯორჯიან ბეიქერსის“ დირექტორი და თანადამფუძნებელი, მიხეილ ფარულავა მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურებასა
და მასთან დაკავშირებულ პროცესებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვისაც პროცესების მართვა ევალება.

ფარულავამ გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში ლარის კურსის გაუფასურების შედეგად, ბიზნესისთვის შექმნილ ფინანსურ პრობლემებზე ისაუბრა.

ბიზნესმენი ზოგადი რთული სიტუაციიდან ერთ-ერთ გამოსავლად იმაზე დაფიქრებას ასახელებს, თუ რამდენად სჭირდება ქვეყანას არასტაბილური და ზარალის მომტანი ვალუტა.

„ამ საკითხში ბიზნეს-სუბიექტები დაზარალებული მხარე ვართ. სიტუაციიდან ერთ-ერთ გამოსავლად სხვა საკითხებთან ერთად ერთი რამ მიგვაჩნია - ვალუტაზე მოხდეს საზოგადოების შეთანხმება, რამდენად გვჭირდება არასტაბილური და ზარალის მომტანი ვალუტა? აქ შეიძლება რადიკალური ვარ, მაგრამ ამ ბოლო დროს მეტად ჟღერდება პოლიტიკურ დონეზეც ეს საკითხი. რა საჭიროა ვალუტა, რომელსაც ზარალის მეტი არაფერი მოაქვს. იჯარა, ყველაფერი ხდება სხვა ვალუტაში. რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ეს თავის მოტყუება? ამ ვალუტას აქვს ერთადერთი დატვირთვა - შეცდომების გადაზღვევა, რაც ალბათ ეხმარება იმ ხალხს, ვინც ეკონომიკურ პოლიტიკას ისე ვერ ატარებს, როგორც საჭიროა“, - ამბობს ბიზნესმენი.

რაც შეეხება მოლოდინს, მოიმატებს თუ არა პროდუქტებზე ფასები, ფარულავა ამბობს, რომ ბაზრის მთავარი მოთამაშეები ჯერ ახალ წესებზე შეთანხმდებიან და შემდეგ ეს აისახება ფასებზე.

„წარმოება-მომარაგება ჯაჭვია და მომენტალურად ფასების გაზრდა არ ხდება. ეს არის პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ნედლეულის შესყიდვასთან, შემდგომ მის გადამუშავებასთან და სავაჭრო ქსელში დისტრიბუციასთან. საორიენტაციოდ, ორი კვირიდან ერთი თვის ჭრილში, როცა უკვე ყველა მოთამაშე შეთანხმდება ახალ წესებზე, ამის მიხედვით მოხდება საბოლოოდ პროდუქტზე ფასის ასახვაც“, - ამბობს „ჯორჯიან ბეიქერსის“ დამფუძნებელი.

ცნობისთვის, 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 2.42 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულებამ 3.2537 ლარს მიაღწია.

ლარი დღესვე ევროსთანაც გაუფასურდა, კურსის ცვლილებამ 2.17 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი ევროს ღირებულება 3.8267 ლარი გახდა.

ლარის პიკური გაუფასურების შესაჩერებლად, ხვალ ეროვნული ბანკი $40 მილიონ დოლარს გაყიდის.

სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვები $3.9 მილიარდი დოლარია.