მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რეგულაცია თუ არ გადავადდება დიდი გამოწვევის წინაშე დავდგებით" - JTI თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებულ შეფუთვაზე

6349655cc1255
ალა ისპირიანი
14.10.22 20:35
825
რუსეთ-უკრაინის ომის ნეგატიური გავლენების გადასაზღვევად, რეგულაცია, რომელიც თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებულ შეფუთვაზე გადასვლას გულისხმობს, შესაძლოა გადავადდეს.

შესაბამის ცვლილებებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. დოკუმენტის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ გადავადება უკრაინაში არსებულ ომს უკავშირდება, რადგანაც საქართველოსთვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის 80%-ზე მეტი სწორედ უკრაინის ქარხნებში იწარმოებოდა, რომლებმაც ომის დაწყების შემდეგ საქმიანობა ფაქტობრივად შეაჩერეს და თამბაქოს იმპორტიორებს საკუთარი საწარმოო სიმძლავრეების გადაწყობა მოუწიათ.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ გადაწყობას და ძველი სიმძლავრეების აღდგენას 12-დან 24 თვემდე დასჭირდება, რის გამოც ამ პერიოდში ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმი შეფუთვის არსებული მოდელით უნდა გაიყიდოს. კანონპროექტი ამ ნორმის ამოქმედებას 2022 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად 2024 წლის 31 დეკემბრიდან ითვალისწინებს.

როგორც JTI-ს კორპორაციული დირექტორი ივანე ხასია „საქმის კურსში“ ამბობს, სექტორის მოლოდინია, რომ აღნიშნული რეგულაცია გადავადდება.

„მანამ უკრაინაში ომი გაჩაღდებოდა კანონი მიღებული იყო, რომ მომდევნო წლიდან შეფუთვის ახალ სტანდარტზე გადავსულიყავით, მაგრამ ამ ვითარებამ ცხადყო რომ ამისთვის მზად არ ვართ და ახლა ისედაც დროებით რეჟიმში ვოპერირებთ. თუ არ მოხდება ამ ნორმის გადავადება, რაც იმის შესაძლებლობას მოგცემს რომ 12-დან 24 თვემდე უკვე არსებული მდგომარეობა დავასტაბილურე და მზადება ახალ სტანდარტზე გადასასვლელად დავიწყოთ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დავდგებით.

წლის ბოლომდე სამი თვე რჩება და ტექნიკურად შეუძლებელია კიდევ ახალი შეფუთვის სტანდარტის დამუშავება დავიწყოთ, მერე ეს შეკვეთები განვათავსოთ და ახალი მოთხოვნის შესაბამისი პროდუქტი შემოვიტანოთ ბაზარზე.

ჩვენი სექტორის დიდი მოლოდინია, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული იქნება და არსებული ტექნიკური რეგლამენტი გადავადდება“, -განაცხადა ივანე ხასიამ და დასძინა, რომ ეს გადაიარაღების პროცესი თითოეული კომპანიისთვის პროცესი რამდენიმე მილიონ დოლარს უკავშირდება.