მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როდესაც საუბარია პოლიტიკურ მისწრაფებებსა და რეფორმებზე, სწორება ევროპასა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეზე გვაქვს"

5dd902842e73f
BM.GE
23.11.19 15:30
1326
"როდესაც საუბარია პოლიტიკურ მისწრაფებებზე, სწორება გვაქვს ევრო-ატლანტიკურ სივრცეზე საქართველომ უნდა შეასრულოს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის ბუნებრივი როლი", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ლონდონში, "ბლუმბერგის" პირდაპირ ეთერში სტუმრობისას განაცხადა. აღნიშნული ინტერვიუს შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

"ჩვენ ისტორიულად და გეოგრაფიულად ვიყავით აბრეშუმის გზის ნაწილი. დღეს ღია ეკონომიკური პოლიტიკითა და ყველა ინიციატივით ვცდილობთ არა მარტო ფიზიკურად დავაკავშიროთ ბაზრები, არამედ ხიდად ვიქცეთ ქვეყნებს შორის. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს ჩინეთთან და იმავდროულად ევროკავშირთანაც. თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები გვაქვს თურქეთთან, დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობასთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყნებთან და ეს გვაძლევს შესაძლებლობას მომხიბვლელი გარემო შევუქმნათ ყველა იმ ქვეყანას, რომლებსაც ერთმანეთთან ვაჭრობა სურთ", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჩინეთთან დაახლოება ხომ არ დააზიანებს აშშ-თან ურთიერთობას, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებთან საქართველოს არა მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობები, არამედ ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს.

"ამავე დროს ჩვენ ძალიან ძლიერი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები გაგვაჩნია და ეს ჩვენი ეროვნული პოლიტიკის ნაწილია. როდესაც საუბარი გვაქვს ჩინეთზე, ესაა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბაზარი. რეგიონის ქვეყნები დაინტერესებულნი არიან ამ სავაჭრო ურთიერთობებით, მაგრამ როდესაც საუბარია პოლიტიკურ მისწრაფებებსა და სარეფორმო პროგრამაზე, სწორება გვაქვს ევროპასა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეზე. ამიტომ, არ მიგვაჩნია, რომ რაიმე გავლენა ექნება ამას დიდ სავაჭრო ურთიერთობებზე, რადგან ვართ ძალიან მრავალფეროვან რეგიონში. საქართველო გახსნილი და კეთილგანწყობილია ბიზნესის და ინვესტორებისადმი. მიგვაჩნია, რომ არა მარტო დიდ ბაზრებს ვუქმნით ლოგისტიკური დაკავშირების შესაძლებლობებს, არამედ საქართველოში მათი შეხვედრისა და დაკავშირების სივრცეს ვქმნით", - თქვა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტის დაინტერესებას "ბრექსიტთან" დაკავშირებითაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, გაერთიანებულ სამეფოსთან კი გაფორმებულია შეთანხმება და მასში აქცენტირებულია ასოცირების დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი, ამდენად, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას საქართველოზე ნეგატიური გავლენა არ ექნება.