მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთი მსოფლიოს ბრინჯის კრიზისის საფრთხის წინაშე აყენებს - Bloomberg

ბრინჯი

ინდოეთი მსოფლიოს ბრინჯის კიდევ ერთი კრიზისის საფრთხის წინაშე აყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბლუმბერგი" ავრცელებს. მსოფლიოს ღარიბი ქვეყნებისთვის სურსათის ფასების კუთხით ცუდი წელი იყო, რადგან მათი მოსახლეობის მთავარი საკვები პროდუქტის ხორბლის და ბრინჯის მარაგები თითქმის დაიცალა. ნედლეულის დეფიციტი სამმა მოვლენამ განაპირობა. ესენია: რუსეთის უკრაინაში შეჭრა, უამინდობა, რომელმაც მსოფლიოში, მოსავლის ხარისხზე მოახდინა გავლენა და ინდოეთის შიდა პოლიტიკა.

მომავალ წელს ინდოეთში არჩევნებია. სწორედ არჩევნების წინ, სურსათის, კერძოდ მარცვლეულის არასტაბილური ფასებით შეშინებულმა ინდოეთის მთავრობამ ბრინჯის ექსპორტზე გარკვეული რეგულაციები დააწესა. ქვეყანამ რიგ შემთხვევაში აკრძალა და დაბეგრა ბრინჯისა და ხორბლის ექსპორტი. ხორბლის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანა ლიდერ პოზიციაზეა ბრინჯის ექსპორტის მიმართულებითაც. ინდოეთი ბრინჯის გლობალურ ექსპორტში 40%-იან წილს იკავებს.

უფრო კონკრეტულად, ნიუ დელიმ, ბრინჯის გლობალურ ბაზარზე ზოგიერთი ჯიშის ექსპორტთან დაკავშირებით 20%-იანი საექსპორტო გადასახადი დააწესა, კონკრეტული ჯიშებისთვის მინიმალური საექსპორტო ფასი განსაზღვრა, ინდოეთიდან კი ზოგიერთი ჯიშის ექსპორტი საერთოდ ვერ განხორციელდება.

აღნიშნული სიტუაცია გავლენას ახდენს პროდუქტის ფასზეც. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში ბრინჯის ფასები 28%-ით მაღალი იყო, ვიდრე გასული 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.

ოქტომბრის დასაწყისში კი ბრინჯის ფასმა 15 წლის მაქსიმუმსაც მიაღწია.

ფასმა ბოლოს თითქმის ამ ნიშნულს 2008 წლის პირველ კვარტალში მიაღწია. მაშინაც, პრობლემის გამომწვევი მთავარი მიზეზი - მსოფლიოში ექსპორტის შეზღუდვა იყო.

ბლუმბერგის შეფასებით, ინდოეთს მოსწონს საკუთარი ქვეყნის როგორც გლობალური სამხრეთის ლიდერად წარმოჩენა, რომელსაც აქვს უნარი ღარიბი ქვეყნების სურსათის ღირებულებაზე გავლენა მოახდინოს. თუმცა როგორც საერთაშორისო სასურსათო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, კონკრეტული ჯიშის ბრინჯის ექსპორტის აკრძალვა დასავლეთს არ აზარალებს. 15 ქვეყანას შორის, რომლებმაც 2022 წელს 100 000 ტონაზე მეტი ბრინჯი შეიტანეს ინდოეთიდან, ცხრა აფრიკაშია: ესენია კენია, სპილოს ძვლის სანაპირო, კამერუნი, გვინეა, მადაგასკარი, ბენინი, ანგოლა, მოზამბიკი და ტოგო. აფრიკაშია ინფლაციის მაღალი დონეც. ნიგერიაში ინფლაცია 25%-ს, განაში კი 40%-ს აჭარბებს. მსოფლიო ბანკის ეკონომისტების აზრით, სიღარიბის მაჩვენებელი შესაძლოა 3%-დან 5%-მდე გაიზარდა სურსათის ძირითად იმპორტიორებში, რაც ამ ქვეყნების განვითარებას შვიდი წლით აფერხებს.

ინდოეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არამიზნობრივ აკრძალვებს, შეზღუდვებს ან საექსპორტო გადასახადებს აწესებს. Bloomberg News-ის ინფორმაციით, ასევე ერთ-ერთ მთავარ ექსპორტიორს - ვიეტნამს ახასიათებს მსგავსი შეზღუდვების დაწესება სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით. თუმცა ინდოეთს, ბრინჯის ბაზარზე მისი დომინანტური წილის გათვალისწინებით, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე სხვა ქვეყნებს. ინდოეთი მსგავს გადაწყვეტილებებს ხშირად იღებს. ბრინჯთან ერთად, ქვეყანამ შაქრის ექსპორტიც შეზღუდა, რამაც შაქრის ფასის 12 წლიან მაქსიმუმამდე გაზრდა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ინდოეთი შაქრის წარმოების კუთხით ბრაზილიის შემდგომ უმსხვილესი ქვეყანაა.

ექსპორტის აკრძალვები ყველაზე მეტად ინდოელ ფერმერებს აზიანებს. მათ ბრინჯის გლობალურ ბაზარზე გაყიდვის შესაძლებლობა ეზღუდებათ მაშინ, როცა საერთაშორისო ბაზარი ბრინჯში უფრო მაღალ ფასს იხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები