06.ივლისი .2020 23:40

"როგორც ჩანს, მთავრობა მოწყვეტილია რეალობას" – ფადი ასლი საზღვრების გახსნის მნიშვნელობაზე

"როგორც ჩანს, მთავრობა მოწყვეტილია რეალობას" – ფადი ასლი საზღვრების გახსნის მნიშვნელობაზე
views 1087
უკან

უკვე ასობით ათასმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, როგორც ჩანს ჩვენი მთავრობა სრულიად მოწყვეტილია რეალობას, – ამის შესახებ საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლიმ bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ის აეროპორტების და საზღვრების დაუყოვნებლივ გახსნას ემხრობა.

„ქვეყნის ჩაკეტილად დატოვება სრულად გაანადგურებს ჩვენს ეკონომიკას, რომლის მშპ-ის მთავარი კომპონენტი არის ტურიზმი. ვფიქრობ, რომ ფრენები უნდა აღდგეს ყველასთვის, ბიზნეს ვიზიტორებისთვისაც, ქართველებისთვისაც, რომელთაც სამშობლოში დაბრუნება სურთ, ტურისტებისთვის და ა.შ. რას ელოდება მთავრობა რომ გახსნას საზღვრები? ვაქცინას? ადამიანები შიმშილით დაიხოცებიან მანამ ვიდრე ვაქცინას გამოიგონებენ“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, საზღვრების გახსნამ და ტურისტების შემოშვებამ შესაძლოა ეკონომიკური დონის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება ვერ შეძლოს, თუმცა რამდენიმე ათას ტურისტს შეუძლია გადაარჩინოს რამდენიმე ასეული მცირე ბიზნესი.

„მათი ცხოვრებაც ახლა ბეწვზე ჰკიდია, რომლებიც ერთ თვეში დაიხურებიან ან გაკოტრდებიან. თუმცა, ამას რა თქმა უნდა, მთავრობის წარმომადგენლები - დაცული და გარანტირებული ხელფასებით და სამუშაო ადგილებით, ვერ ხვდებიან. აბა შევუწყვიტოთ ხელფასები მთავრობის წარმომადგენლებს და თქვენ გაოცებული დარჩებით, როგორ სწრაფად გახსნიან ისინი ქვეყანას“, – აღნიშნა ფადი ასლიმ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ბიზნესვიზიტორებს საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში ქართული მხარე ორ არჩევანს უტოვებს – PCR ტესტის გაკეთება თავიანთი ხარჯებით, ან ფასიანი კარანტინის გავლა.

„ჩვენ არ გვაქვს პრობლემა მინისტრის შემოთავაზებასთან, უმრავლესობა, რა თქმა უნდა, გადაიხდის PCR ტესტის საფასურს ნაცვლად იმისა, რომ კარანტინში წავიდეს“, – განაცხადა ფადი ასლიმ.