მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს მათთვის არჩევნებში გადარჩენის საკითხია - ფადი ასლი „რუსულ კანონზე“

საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატა

საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი, მიიჩნევს, რომ საზოგადოების პროტესტის და პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, რადგან ეს მმართველი პარტიისთვის არჩევნებში გადარჩენის საშუალებაა.

როგორც ფადი ასლიმ BMG-სთან განაცხადა, კანონს განსხვავებული აზრის ჩასახშობად გამოიყენებენ.

"თეორიულად, არ არსებობს ცუდი და კარგი კანონი, არის ცუდი და კარგი მთავრობა. ეს კანონი რომ შვეიცარიის პარლამენტს მიეღო, არავინ შეშფოთდებოდა, რადგან ეცოდინებოდათ, რომ შვეიცარიის მთავრობა ამას პოლიტიკური ოპონენტების ჩამოსაშორებლად არ გამოიყენებდა. მაგრამ ამ კანონის საქართველოში მიღება, მთავრობის ისტორიის და იმის ცოდნის პირობებში, როგორ სურთ საკუთარი ძალაუფლების მუდმივად შენარჩუნება, ნათელს ხდის, რომ ამ კანონს გამოიყენებენ ნებისმიერი განსხვავებული ხმის ჩასახშობად, რათა არჩევნებში გაიმარჯვონ. ეს იმას ჰგავს, კალაშნიკოვი რომ ფსიქოპათს მისცე, ის ყველას ესვრის. ეს კანონი არის კალაშნიკოვივით საქართველოს ფსიქოპათი მთავრობის ხელში, ესაა საშიში. რასაკვირველია ამ კანონს მიიღებენ, არ ადარდებთ პროტესტი, რადგან ეს მათთვის ოქტომბრის არჩევნებში გადარჩენის საკითხია. ყველა მეთოდს გამოიყენებენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. რადგან კარგად იციან, რომ თუ ძალაუფლებას დაკარგავენ, ბევრი ციხეში აღმოჩნდება, ბევრს მოუწევს ქვეყნიდან გაქცევა, ამიტომ ეს მათთვის გადარჩენის საკითხია, არაა სამართლის, ევროპის ან რამე სხვა საკითხი",- ამბობს ფადი ასლი.

17 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა "რუსული კანონი" პირველი მოსმენით მიიღო. "გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 0-ის წინააღმდეგ.

„ქართული ოცნების“ კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები