მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ - გერმანიის საგარეო უწყება

ბუნდესტაგი

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ მიზანმიმართულად არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ.

უწყების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში საუბარია საპროტესტო აქციებზეც, რომელიც ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგაა.

"ათასობით ადამიანი საქართველოში ყოველ ღამე მართავს საპროტესტო აქციას სიტყვის თავისუფლებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წარმოადგენს ისტორიულ შესაძლებლობას. საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ",- წერს უწყება.

აღსანიშნავია, რომ 19 აპრილს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ე.წ. რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდა. როთმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გერმანიის ელჩმა ოლაფ შოლცის სწორი ციტირება გააკეთა და „უცხოელი აგენტების კანონს“ გერმანიის პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება.

ამასთან, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი ე.წ. რუსულ კანონს არ მიიღებს. როგორც მან 12 აპრილს, ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გერმანია, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი ამ კანონის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი. შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ “ევროკავშირს მსგავსი კანონმდებლობა არ აქვს.

17 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა "რუსული კანონი" პირველი მოსმენით მიიღო. "გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 0-ის წინააღმდეგ.

„ქართული ოცნების“ კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები