მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება, გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი!" - მიხაილ როთი კობახიძეს

ბუნდესტაგი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს და ე.წ. რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს.

როგორც როთი სოციალურ ქსელში წერს, გერმანიის ელჩმა ოლაფ შოლცის სწორი ციტირება გააკეთა და „უცხოელი აგენტების კანონს“ გერმანიის პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება.

ის ასევე სოლიდარობას გამოხატავს ქართველი ხალხის მიმართ, რომლებიც კანონპროექტს აპროტესტებენ.

ძვირფასო ირაკლი კობახიძე, გერმანიის ელჩმა ჩვენი კანცლერის სწორი ციტირება გააკეთა! მინდა დაგამშვიდოთ, გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგებაუცხოელი აგენტების კანონს”. გთხოვთ გაიწვიოთ კანონპროექტი! სრული სოლიდარობა ქართველ ხალხს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ ევროკავშირის ღირებულებებისთვის”, – წერს როთი.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა კანცლერ შოლცის და ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციის მნიშვნელოვანი მონაკვეთები, რომლებიც ე.წ. რუსულ კანონს ეხებოდა, ინგლისურად თავად თარგმნა, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის პრესკონფერენციის სინქრონული თარგმანი მმართველი პარტიის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. „ქართული ოცნების“ წევრების მტკიცებით, თარჯიმანმა ზაალ ანდრონიკაშვილმა თარგმანი გააყალბა და გერმანიის კანცლერს სიტყვა "აგენტი" არ უხსენებია. როგორც ელჩმა თქვა, ოლაფ შოლცმა ნამდვილად განაცხადა, რომ “ჩვენ, როგორც მთელი ევროკავშირი, ამ კანონის წინააღმდეგ კრიტიკულად ვიყავით განწყობილები. მას შემდეგ, რაც მისი განხილვა შეჩერდა [გასულ წელს], ვიმედოვნებდით, რომ კვლავ არ განახლდებოდა. ახლა კი ახალი საკანონმდებლო წინადადებაა, რომელიც იმავე მიმართულებით მიდის. ჩვენი კრიტიკა უცვლელია და ვიმედოვნებთ, რომ კანონს არ მიღებენ”.

ამასთან, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გერმანიის ელჩმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს გერმანიაში ვიზიტისას, სამივე შეხვედრაზე, საქართველოს დელეგაციას უთხრეს, რომ ე.წ. რუსული კანონი არ უნდა მიიღონ. კობახიძის თქმით, ელჩი "ლელოსთან" ერთად დადის ხოლმე საარჩევნო აგიტაციის ფარგლებში და შეიძლება იქ მიიღო ინფორმაცია.

"არასწორია, თან მამუკა ხაზარაძის სახლი რომ გაქვს ნაქირავები და თან მას დაჰყვები ბოლნისში პოლიტიკური კამპანიის ფარგლებში შეხვედრებზე",- თქვა კობახიძემ გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები