დიპლომატი გიორგი ბადრიძე აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული მომავლის გადახაზვის საკითხი აქამდე არც ერთ ხელისუფლებას დაუყენებია ასე ღიად.
როგორც მან BMGTV-ს გადაცემა „წერტილში“, ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით აღნიშნა, დღეს ევროკავშირის წევრობის რეალური შესაძლებლობა გვაქვს, რის სანაცვლოდაც კონკრეტული კრიტერიუმები უნდა დავაკმაყოფილოთ, თუმცა საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მერკანტილურ ინტერესს ევროპულ მომავალზე მაღლა აყენებს.
„ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ბევრი მომენტი ყოფილა, როდესაც ხელისუფლების ქმედებები არ მომწონებია, მაგრამ პირველად ვხედავ მომენტს, როდესაც ხელისუფლება პირდაპირ აცხადებს შებრუნებას საქართველოს ეროვნული ამოცანისგან. პოლარიზებული საზოგადოება ვართ, ქართველები ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ერთი რამ თუ არის, რაზეც აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება ისაა, რომ გვინდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი. თანაც ეს არის ქართველების უამრავი თაობის სანუკვარი ოცნება და პირველად გვყავს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ მზადაა საკუთარი მერკანტილური ინტერესების გამო გადახაზოს ეს ევროპული მომავალი. ცნობისთვის, მაშინაც კი, როდესაც უფრო მონდომებული და დასავლური კურსის ერთგული ხელისუფლებები გვყავდა, ევროკავშირს არ შეუთავაზებია ის შესაძლებლობა, რაც გვაქვს დღეს. ეს რეალობაა, ჩვენ 2030 წელს შეიძლება ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ერთადერთი, რასაც ჩვენგან ამისთვის მოითხოვენ, არის იმ წესებისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რომლებიც გააჩნია ევროკავშირს და ნატო-ს. ეს არაა ისეთი კრიტერიუმები, რომლებიც რაიმე ფორმით ეწინააღმდეგება ჩვენს მიერვე განცხადებულ ფასეულობებს და წესებს. ჩვენს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლის ვალდებულებაა, გააკეთოს ყველაფერი, რომ განხორციელდეს ინტეგრაცია. საქართველოს კონსტიტუცია მთლიანად არის ჰარმონიზებული ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებთან. ჩვენი ისტორიული ძირძველი ტრადიციებიც, ქრისტიანული ფასეულობებიც არის საფუძველი, რასაც დღეს ეწოდება ევროპული ფასეულობები. ასე რომ, ჩვენგან არაფერს მოითხოვენ ისეთს, რამაც უარი უნდა გვათქმევინოს რაიმე ჩვენთვის მნიშვნელოვანსა და ფასეულზე. ამ დროს, ჩვენი ხელისუფლება ჯიუტად დგამს ნაბიჯს, რომელსაც უკვე ნაკლები დიპლომატიურობით, ღიად ეუბნებიან, რომ ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება საქართველოს შანსს, გახდეს ევროკავშირის წევრი და მაგალითად, კონკრეტულად წლის ბოლოს გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ“,- აცხადებს დიპლომატი.
17 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა "რუსული კანონი" პირველი მოსმენით მიიღო. "გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 0-ის წინააღმდეგ.
„ქართული ოცნების“ კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ.
სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე ვიღაც ადამიანების პარპაშს წერტილი უნდა დაესვას - დიპლომატი