ელჩებს არ განვსჯი... დარწმუნებული ვარ, ყველა სინდისიერი პროფესიონალი სერიოზულ განცდებშია, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა „წერტილში“, "რუსულ კანონთან" დაკავშირებით დიპლომატების განწყობებზე დიპლომატმა გიორგი ბადრიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საგარეო პოლიტიკის მთავარი დანიშნულება არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების მსახურება/ საგარეო პოლიტიკური ინტერესების უზრუნველყოფა და არა რეჟიმის მომსახურება, ამიტომ იგი მიიჩნევს, რომ დიპლომატების ვალდებულებაა გააგებინონ „ქართულ ოცნებას“, რომ „ამჯერად ლავირების ყველანაირი რესურსი ამოწურულია“.
„როდესაც ქვეყნის ეროვნული ინტერესები და რეჟიმის ინტერესები ერთმანეთს საბოლოოდ უპირისპირდება რთულია გულგრილი იყო. დიპლომატების პროფესიული ვალდებულებაა, განსაკუთრებით ევროკავშირში, „ნატო“-ს წევრ ქვეყნებში მყოფი ჩვენი დიპლომატებისთვის, რომ ძალიან მკაფიოდ გააგებინონ ჩვენს მთავრობას, იმის თაობაზე, რომ ამჯერად ყველანაირი რესურსი ლავირების ამოწურულია. ეს არის ჭეშმარიტების მომენტი, რომლის იქით საქართველოს „ნატო“-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის ყოველგვარი შესაძლებლობა შეწყდება და ჩვენი პარტნიორები ძალიან სერიოზულ დასკვნებს გააკეთებენ, რომლის შედეგების გამოსწორებაც ძალიან ძნელი იქნება იმის მიუხედავად, არჩევნების შემდეგ შეიცვლება თუ არა ეს ხელისუფლება.
ყველა სინდისიერი პროფესიონალი დღეს ძალიან სერიოზულ განცდებშია, რადგან დიპლომატიის, საგარეო პოლიტიკის მთავარი დანიშნულებაა ქვეყნის ეროვნული ინტერესების მსახურება; მისი საგარეო პოლიტიკური ინტერესების უზრუნველყოფა და არა უბრალოდ რეჟიმის მომსახურება“, - განაცხადა მან.
დიპლომატი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ კონსტიტუციით განსაზღვრული გზიდან, რომელიც ევროინტეგრაციას გულისხმობს, გადაუხვია და საპირისპირო გზით სვლა დაიწყო.
„საქართველოს ხელისუფლება პროდასავლური კურსის იმიტაციას აკეთებდა. როცა საქმე საქმეზე მიდგა და ევროკავშირმა გვითხრა, რომ მიგვიღებდა 9 ნაბიჯის შესრულების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ეს რეფორმები, ოლიგარქის მიერ ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესებს ეწინააღმდეგება და ამის გამო იგი მზად არის ღიად დაუპირისპირდეს საქართველოს ევროპულ მომავალს. ჯერ ეს არ აქვთ ნათქვამი, რომ ჩვენ ევროკავშირის მოწინააღმდეგე ვართ, თუმცა ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები პერიოდულად ამბობენ, - „რად გვინდა სადმე გაწევრიანება“.
უნდა გავიაზროთ, რომ წლის ბოლოს საქართველო შეიძლება გაფორმდეს რუსეთის პროვინციად, მაგალითად ყირგიზეთი შეგვიძლია მოვიყვანოთ, რადგან მიიღო ცოტა ხნის წინ ეს კანონი და უკვე დაიწყეს იქ დახურვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ნურავის შევედრებით, თუმცა ფაქტია, ამ წლის ბოლოს „ჩვენ შეიძლება საბოლოოდ გავფორმდეთ ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად“. ჩვენ მოვდივართ საპირისპირო გზით როდესაც ევროკავშირის კარი გაიღო“, - ამბობს იგი.
დიპლომატის მოსაზრებით, ხელისუფლების მიმართ ნდობა დღეს იმდენად შელახულია, რომ ნებისმიერი ახალი ხელისუფლება რომელიც მათ ადგილას მოვა ავტომატურად ნდობას ვერ მიიღებს, მას დამსახურება დასჭირდება.
შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ საქართველოს დიპლომატთა კლუბი "რუსულ კანონთან" დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მათ განცხადებაში წერია, რომ ივანიშვილის მთავრობა წლების განმავლობაში შეპარულად საბოტაჟს უწევდა საქართველოს ევროპულ კურსს, ახლა კი ის ღია შეტევაზე გადავიდა და ცდილობს საბოლოოდ გაგვაფორმოს კრემლის გავლენის სფეროდ. მათ ქართველ დიპლომატებს და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მტკიცედ დადგნენ ქართველი ხალხის გვერდზე.