“სებ–ის მიერ მიღებულმა ახალმა წესმა გააკვირვა მთელი მსოფლიო” - ამის შესახებ ICC საქართველოს თავმჯდომარემ ფადი ასლიმ „ანალიტიკა“–სთან ინტერვიუში განაცხადა.
ფადი ასლის თქმით, „ეს პირდაპირი გზავნილია საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, რომ ჩვენ არ გვინდა, დავემორჩილოთ საერთაშორისო სანქციებს“.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანებას, რომელიც რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების წესში საქართველოს მოქალაქეებისათვის გამონაკლისის დაშვებას გულისხმობს, მარეგულირებლისგან სამი ვიცე-პრეზიდენტის წასვლა მოჰყვა. პოსტები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. სამივე მათგანი თანამდებობაზე ფორმალურად 21 ნოემბრამდე რჩება, რათა სებ-ის საბჭოს ფუნქციონირება არ შეფერხდეს.
„ბევრი რამ შეიძლება გააკეთო, როგორც ხელისუფლებამ, მაგრამ თავს ვერ აარიდებ საერთაშორისო სამართალს და პროცედურებს, რომლებსაც საერთაშორისო კანონმდებლობა ითვალისწინებს. რუსეთიც კი არ მისულა ასეთ კრეატიულ გადაწყვეტილებამდე და ამ გზით არ უცდია საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლა. ეს იმ ტიპის სიახლეა, რომელიც ჯერ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ დაუნერგავს. და ამ სიახლის მთავარი გზავნილია, რომ მთავრობას არ სურს, დაემორჩილოს საერთაშორისო სანქციებს იმ შემთხვევაში, თუკი სანქცირების საფრთხე თავად დაემუქრებათ“, – უთხრა ფადი ასლიმ „ანალიტიკა“–ს.
საქართველოში ყველაზე მსხვილი უცხოური ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ სახელისუფლებო ისტერია, როდესაც ფარცხალაძეს სანქცია დაუწესდა, გამოწვეული იყო იმით, რომ „საქართველოს მთავრობა მიხვდა, დანა მათ კისერთან ძალიან ახლოს იყო და გადაწყვიტა, ვითომ–ჭკვიანური მექანიზმი მოეფიქრებინა იმისთვის, რომ სანქციების გავლენა შეემცირებინა. ეს ძალიან პროვინციული, არაპროფესიონალური და სულელური გადაწყვეტილება იყო ისეთ სერიოზულ თემასთან მიმართებით, როგორიც საერთაშორისო სანქციებია“.