26.დეკემბერი .2019 12:03

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ფინანსთა სამინისტროს აკრიტიკებს

views 655
უკან

რამდენიმე დღიან ვადაგადაცილებაზე ამხელა კომპანიის შეფერხება ინკასოთი არასწორია მაშინ, როცა 27 მილიონი დაგროვდა წლების განმავლობაში, - ამის შესახებ bm.ge-ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განუცხადა.

სალია გამოეხმაურა ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელმაც მიმდინარე დავალიანებების გადაუხდელობის გამო, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, „TV პირველს“ და „კავკასიას“ ინკასო დაადო.

„როცა განცხადება მოგვივიდა, ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია, თუ რა თანხაზე იყო საუბარი. შევშინდით, ხომ არ ეხებოდა მთლიანად 27 მილიონიან დავალიანებას, თუმცა მოგვიანებით გავარკვიეთ, რომ ეს ეხებოდა მიმდინარე დავალიანებას. გადასახადი აუცილებლად უნდა გადავიხადოთ, უბრალოდ თანხების დაგვიანების გამო შეგვექმნა გარკვეული შეფერხება და თუკი ეს ყველაფერი გამოსწორდება, მიმდინარე დავალიანებასაც დავფარავთ იმისთვის, რომ ჩვენ მერე საუბარი შევძლოთ ძველი დავალიანების დაფარვაზე. გადასახადებს არ გადავიხდით - ეს დამოკიდებულება არასწორი მგონია და აბსოლუტურად მიუღებელია.

ჩემთვის ისიც მიუღებელი იყო, რაც „იმედმა“ თქვა, გადასახადებს იმიტომ არ გადავიხდით, რომ „რუსთავი 2“ არ იხდისო. სხვა ტელევიზიებიც ამბობენ, რადგან სხვები ძველ დავალიანებას არ იხდიან, ამიტომ ჩვენ არ გადავიხდით მიმდინარეებსო. ახლა მეც ხომ არ გამოვალ და ვიტყვი, ვინაიდან ძველი მენეჯმენტი გადასახადებს არ იხდიდა, მეც არ გადავიხდითქო?! უბრალოდ მართლა უსამართლო და არასწორი დამოკიდებულებაა, რომ წინა მენეჯმენტს მიეცა შესაძლებლობა წლების განმავლობაში არ გადაეხადა გადასახადები.

ასეთივე დამოკიდებულება რომ ჰქონოდა სახელმწიფოს და ფინანსთა სამინისტროს გადაახადების გადაუხდელობის გამო წინა წლებში, ამხელა ვალი კომპანიას არ დაუგროვდებოდა. ამიტომ ვთქვი, რომ ასეთ დროს ფინანსთა სამინისტროს ასეთი ხისტი დამოკიდებულება ცოტა გაუგებარია. კი ბატონო, შევთანხმდით, რომ გადავიხდიდით, მაგრამ რამდენიმე დღიან ვადაგადაცილებაზე ამხელა კომპანიის შეფერხება ინკასოთი, მე მგონი, არასწორია მაშინ, როცა 27 მილიონი დაგროვდა წლების განმავლობაში. თვიდან თვემდე არ ედებოდა ინკასო კომპანიას. ეს არის ჩვენთვის გასაკვირი და მიუღებელი“, - განაცხადა პაატა სალიამ.

მისივე თქმით, „რუსთავი 2“ ახდენს თანხების მობილიზებას და უახლოეს მომავალში დაფარავს ვალებს.

„რაც შეეხება ძველ დავალიანებას, ჩვენ შევთანხმდით, რომ, ჯერჯერობით, შეთანხმების პროცესი დასრულებული არ არის, ვინაიდან ჩვენი პოზიცია მიუღებელი აღმოჩნდა ფინანსთა სამინისტროსთვის და ახლა ვმუშაობთ დამატებით გადანაწილებაზე. ვაფასებთ ჩვენს შესაძლებლობებს, რადგან არ გვინდა ისეთი პირობა დავდოთ, რასაც ვერ შევასრულებთ“, - განაცხადა პაატა სალიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა