მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საბანკო სექტორში 2020 წელს მიღებული დანაკარგის აღდგენას, რამდენიმე წელი დასჭირდება"

610a62025e4a5
ინგა მურუსიძე
04.08.21 14:30
678
საბანკო სექტორში 2020 წელს მიღებული დანაკარგის სრულად აღდგენას სავარაუდოდ რამდენიმე წელი დასჭირდება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

„გასული წელი საბანკო სისტემისთვის საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ამავე დროს, პანდემიის დაწყებასთან ერთად, სესხების შესაძლო დანაკარგებისთვის წინასწარ, 1,1 მლრდ ლარამდე მოცულობის საერთო რეზერვი გაატარეს და ამან რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა ფინანსურ მაჩვენებლებზე, ბანკების მოგებიანობაზე და შედეგად, 2020 წლის ბოლოსთვის წმინდა მოგებამ 100 მლნ ლარამდე შეადგინა, რაც ძალიან დაბალია, 2019 წელთან შედარებით, როცა 950 მლნ იყო.

მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით, ბანკებს 600 მლნ-მდე წმინდა მოგება ჰქონდათ, მაგრამ ეს ძირითადად იმით არის განპირობებული, რომ საბანკო სექტორს 2021 წელს სესხების შესაძლო დანაკარგი არ ჰქონია. ანუ, რადგან ეს დიდი ხარჯი, 1,1 მლრდ გატარდა, წელს ეს ხარჯი გაცილებით ნაკლებია და ეს ახდენს გავლენას მაჩვენებლებზე“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მიუხედავად უპრეცედენტო შოკისა, ფინანსურ სტაბილურობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

„ზოგადად, 2020 წელს მიღებული დანაკარგის სრულად აღდგენას სავარაუდოდ რამდენიმე წელი დასჭირდება, მაგრამ ის, რომ საბანკო სისტემა აგრძელებს გამართულად მუშაობას, იმის დამსახურებაა, რომ როგორც საბანკო, ისე არასაბანკო ფინანსური სისტემა მომზადებული დახვდა პროცესს და ის დარჩა ეკონომიკური ზრდის ლოკომოტივად.

ასევე არის ლოკომოტივი წელსაც და ასე იქნება მომავალშიც. საბანკო სისტემა აგრძელებს ჯანსაღ ფუნქციონირებას და საბანკო სექტორის მიერ შოკის დაძლევაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის იმ საზედამხედველო პოლიტიკას და გონივრულ რეფორმებს, რომელსაც ეროვნული ბანკი წლებია ახორციელებს, მიუხედავად კრიტიკისა ბევრ შემთხვევაში“, - ამბობს სებ-ის პრეზიდენტი.