მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საჭიროა, მთავრობაში გამოიჩინონ ლიდერის უნარები" - ინტერვიუ გიორგი ქადაგიძესთან

5ead99d6cfe3e
თელარა გელანტია
03.05.20 18:25
1507
„ახლა ექსტრაორდინალური გადაწყვეტილებების მიღების დროა.. საჭიროა, მთავრობაში გამოიჩინონ ლიდერის უნარები, დადონ მკაფიო ხედვა, კონკრეტული გეგმა, აიღონ მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა და მიიღონ ადაწყვეტილებები სწრაფად“ - ასეთია მოკლედ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის რჩევები საქართველოს მთავრობას.

- ეკონომიკური ცხოვრება, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ვაქცინის შექმნამდე ალბათ ძველ რიტმს და წესს სრულად ვერ დაუბრუნდება და ეს სავარაუდოდ, 2021 წლის დასაწყისია. როგორ ფიქრობთ, როდის უნდა წარმოადგინოს მთავრობამ უკვე პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმა, რომელმაც მინიმუმ ერთწლიანი ჩავარდნა და კრიზისი მაქსიმალურად მალე უნდა ამოავსოს?

- ვფიქრობ, მომდევნო კვირებში ჩვენ ვიხილავთ ქვეყნებს, რომლებიც განაცხადებენ იმის შესახებ, რომ რაც შეიძლება სწრაფად უბრუნდებიან ნორმალური ცხოვრების სტილს, რა თქმა უნდა, ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინებით, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს. თუ ჩვენ ამ მატარებელში არ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი და თუ ვერ გამოვიყენებთ ამას, როგორც შესაძლებლობას, მნიშვნელოვნად დავზარალდებით; დღეს კაპიტალი არსად არ გამქრალა, ისევ არსებობს და ეს კაპიტალი ეძებს იურისდიქციას, სადაც შეიძლება მიემართოს, სადაც შეიძლება იყოს დაბანდებული, სადაც შეიძლება მოიტანოს სარგებელი როგორც კაპიტალის მეპატრონისთვის, ისე იმ ეკონომიკისთვის და იმ ადამიანებისთვის, სადაც ის მოხვდება.

- ხომ არ ვაგვიანებთ ამ მატარებელზე ასვლას?

- ჩემი აზრით, ნელ-ნელა იკვეთება დაგვიანების ნიშნები; თუ ჩვენ გადავხედავთ წარმატებულ მაგალითებს, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შემოსარეკია ზარი, რომ ეს ასე ვერ გაგრძელდება - „სექტემბერში ვნახავთ, რა იქნება“, - ასე არ გამოვა. ახლა არის დრო ყველაფრის კეთების, ახლა არის დრო ექსტრაორდინალური გადაწყვეტილებების მიღების, ახლაა დრო, რომ თუკი რამე შეიძლება ონლაინ რეჟიმში გადავიდეს, ეს გავაკეთოთ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მოვისმინე, რომ აშშ-ის ერთ-ერთი ოლქის სასამართლო სრულად გადადის საქმის ონლაინ წარმოებაზე ადმინისტრაციულ და სამოქალაქო დავებში... რატომ არ შეგვიძლია ჩვენც გავაკეთოთ ეს?! ჩემი აზრით, ახლა არის უმნიშვნელოვანესი დრო, რომ წლობით და თვეობით გაჭედილი სამოქალაქო დავები განვიხილოთ და დავასრულოთ, რადგან სასამართლოს როლი ეკონომიკურ ცხოვრებაში უზარმაზარია. თუ ჩვენ ამას ონლაინ რეჟიმში გადავიტანთ, იგივე შეიძლება ითქვას საჯარო, სამოქალაქო რეესტრებზე, შეიძლება, ამ ნაწილში გამოვიდეთ გამარჯვებული. ეს ყველაფერი არაა რაღაც ახალი, ესტონეთი ამას აკეთებს უკვე დიდი ხანია. თუ ჩვენ არ გვაქვს რესურსი და არ ვიცით როგორ გავაკეთოთ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ და მეტიც, უამრავი ქართველი სხვადასხვა ქვეყანას უკეთებს ამას, აგერაა ბატონო ესტონეთი და შეგვიძლია, ეს გამოცდილება ძალიან სწრაფად გავაზიაროთ. არის ისრაელის გამოცდილებაც, რომელიც ძალიან საინტერესო პროექტებს აკეთებს. ახალმა ზელანდიამ უკვე განაცხადა, რომ მთლიანად უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას... ყველა პატარა ქვეყნის მაგალითი მომყავს, რომ არაფერი ვთქვათ დიდ ძვრებზე, რომელიც ევროკავშირის სამეზობელო პოლიტიკის ფარგლებში მოხდება და ეს ცალკე დიდი ხედვის ნაწილია.

- თქვენ თქვით, რომ „მატარებელზე არ უნდა დავაგვიანოთ“, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორი ავალთ იმ მატარებელში ანუ როგორი უნდა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ-პოლიტიკური გადალაგების ფონზე?

- ჩვენ კიდევ ერთხელ გაგვიმართლა ადგილმდებარეობის გამო და შესაბამისად, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი, რომელშიც საქართველო მოიაზრება, ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტად იქცა. მანამდეც იყო პრიორიტეტი, მაგრამ ახლა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება და ამიტომ შეგვიძლია ისეთი ქვეყნების მხარდაჭერა მივიღოთ, რომელიც მანამდე ეწინააღმდეგებოდა უფრო მეტ ინტეგრაციას. მაგალითად, იგივე გერმანია, რომელიც ცნობილია როგორც ერთ-ერთი კონსერვატიული პოზიციის ქვეყანა და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ევროპაში, ვინც ეწინააღმდეგება უფრო მეტ გაფართოებას და ევროპული პოლიტიკის უფრო მეტ ინტეგრაციას, ახლა ეს ყველაფერი არის შეცვლილი. კი, რა თქმა უნდა, მარტივი არ იქნება და აქ საუბარი არაა იმაზე, რომ ერთ დღეს ყველა კომპანია დატოვებს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიას, მოიკიდებს ზურგზე წარმოებებს და წამოვა ევროპისკენ, არა, ეს ესე არ იქნება, მაგრამ უზარმაზარი კომპანიები ჯერ კიდევ პანდემიამდე, „სავაჭრო ომის“ დროს ამაზე ფიქრობდნენ... ამ წუთშიც ათიათასობით კომპანია ეძებს ალტერნატიულ ბაზრებს, იქნება ეს ლოგისტიკის, დაბალი გადასახადების, მოქნილობის უპირატესობით და ა.შ. ამიტომ ძალიან გამიხარდებოდა თუ დავინახავდი ჩვენი მთავრობის წევრებს სხვადასხვა კომპანიებთან მოლაპარაკებებში ჩასულს სხვადასხვა ქვეყნებში.

- ჯერ Zoom-აპლიკაციით...

- თუნდაც Zoom-ით, თუნდაც ადგილზე... საქართველო არის პატარა ქვეყანა, ამიტომ მთავრობა უნდა უკაკუნებდეს კომპანიებს კარებზე და უნდა უხსნიდნენ ასეთი ქვეყანა ვართ, ასეთი პირობებია, ეს შეგვიძლია გავაკეთოთ და ა.შ. ეს რაც შეხეება გარეთ, როგორ უნდა ვპოზიციონირებდეთ. შიგნითაც უამრავი კითხვაა, მაგალითად, დეველოპმენტი, უძრავი ქონება, სამშენებლო სექტორი. რას ვაკეთებთ აქ?! ესაა სექტორები, სადაც აქტივობა, პრაქტიკულად, ნულზე ჩამოვიდა და უამრავი ადამიანია, კომპანიაა, რომელიც ამ სექტორებში მუშაობდა და მათ სჭირდებათ ძალიან მკაფიო გეგმა - როგორ აპირებს ქვეყანა, მთავრობა აღადგინოს ის ნაკდები, რაც მანამდე იყო და ეს არის ზუსტად ის, როცა ვსაუბრობთ, რომ გვჭირდება ეკონომიკის აღდგენის და განვითარების გეგმა. სექტორების მიხედვით თუ ჩავშლით - სასტუმრო, სარესტორნო, სამშენებლო, სოფლის მეურნეობის თუ სხვა დარგებზე მთავრობას უნდა ჰქონდეს მკაფიო ხედვა - რამდენად შემცირდა ეს ინდუსტრია, რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და როგორ და რა ვადაში უნდა აღდგეს ეს. როგორ ვაკეთებთ ამ ყველაფერს, ეს არის ის, რაც უნდა იყოს დებატების საგანი, ეს უნდა იყოს გაცხადებული გეგმის სახით და ამაზე უნდა მიდიოდეს მსჯელობა და არა იმაზე, 200 ლარს რომ დავურიგებთ სამსახურის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს, ამით სხვაზე უფრო წინ ვიქნებით თუ - არა. ზოგადად, ვფიქრობ, უკვე დრო დადგა, როცა ეპიდემიოლოგები პირველი რიგებიდან უნდა გადავიდნენ მეორე რიგში, რა თქმა უნდა, ისინი არსად უნდა წავიდნენ, მაგრამ ისინი უნდა გადავიდნენ უკან და პირველ რიგებში უნდა გადმოვიდეს ეკონომიკური განვითარების გეგმა და მასზე მსჯელობა.

- პრემიერი ხშირად ამბობს ხოლმე, ორ ფრონტზე ვიბრძვით - ჯანდაცვა და ეკონომიკა და ორივეგან გამარჯვებული უნდა გამოვიდეთო, მაგრამ ეკონომიკური პოლიტიკა როგორი უნდა იყოს, ამაზე საუბარი ჯერ ნაკლებადაა.. რაზეც გვესმის საუბარი არის ის, რომ ისევ წამოიწია სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობამ, რომ ჩვენ უნდა ვაწარმოოთ საკმარისი პროდუქტი... ხან თქვეს „იმპორტის ჩანაცვლებაო“, მაგრამ მერე განმარტეს ექსპორტის წახალისება ვიგულისხმეთო. ისევ არასწორი გზით ხომ არ მივდივართ და არასწორი გაკვეთილი ხომ არ გამოგვაქვს მიმდინარე გამოწვევიდან?

- სოფლის მეურეობის ნაწილში რაღაც გადააზრება მოხდება... ვგულისხმობ იმას, რომ დიდმა ქვეყნებმა აკრძალეს რიგი სასურსათო პროდუქტების ექსპორტი; ასეთი რამე იშვიათად მომხდარა ანუ დიდი ქვეყნები ცოტა მეტად დაფიქრდნენ სოფლის მეურნეობაზე სასურსათო უსაფრთხოების ჭრილში. რაც შეეხება საქართველოს, რადგან ჩვენი მოსახლეობის ნახევარი სოფლად ცხოვრობს, არ მიკვირს, რომ ამაზე ბევრი საუბარი მიდის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ქვეყნის სოციალურ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, უამრავი რამე შეიძლება გაკეთდეს; სამწუხროდ, სოფლის მეურნეობა, ისევე როგორც განათლება, ყოველთვის იყო განხილული როგორც სოციალური დახმარების სფერო და არა როგორც ბიზნესი, სადაც ადამიანებმა უნდა შექმნან დოვლათი და მიიღონ შემოსავალი; სანამ ჩვენ ამ სექტორების, როგორც დოვლათის შემქმნელების განხილვას არ დავიწყებთ, ყოველთვის ეს იქნება პოლიტიკური მანიპულაციების საკითხი.

- და მაშინ რა არის ის კონკურენტული უპირატესობა, რომლის გამოყენება ახლავე შეგვიძლია იგივე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, რადგან იყო წლები, როცა გზავნილები - დაბალი გადასახადები, ბიზნესის რეგისტრაციის სიმარტივე და ა.შ. „მუშაობდა“, მაგრამ ესენი თანდათან დაძველდა არც ახალი დაემატა… სასამართლო სისტემა მაშინაც პრობლემა იყო და ახლაც, ამიტომ დღეს რა გზავნილებით შეგვიძლია მოვიზიდოთ ინვესტორები?

- მოვიშველიებ გამონათქვამს, რომელსაც ყველაზე უფრო ხშირად მარგარეტ ტეტჩერს მიაწერენ - დოვლათის შექმნის და ქვეყნების განვითარების ერთადერთი წყაროა განათლებული და თავისუფალი ადამიანი. ამიტომ ჩვენ გვჭირდება, ერთი მხრივ, მეტი თავისუფლება, რომელსაც კიდევ უფრო მეტი ფასი დაედო, როცა ავტოკრატიული რეჟიმები, ნახევრად ავტოკრატიული რეჟიმები ან „მინდა ვიყო ავტოკრატული რეჟიმები“ შეეცადნენ თავისი ძალაუფლების გაზრდას და აქ ყველაზე უფრო მნიშვნელვანია, რომ ჩვენ გავყიდოთ მეტი თავისუფლება და თავისუფლებისკენ ვიაროთ და მეორე, რა თქმა უნდა, ესაა, მენეჯმენტი, ესაა ხედვის არსებობა, მკაფიო ხედვა - სად მივდივართ, როგორ მივდივართ და დავარწმუნოთ, რა თქმა უნდა, დანარჩენი მსოფლიო და ის ადამიანები, ვისაც დედამიწის ეს ნაწილი აინტერესებს, რომ საქართველო ნამდვილადაა ის ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა სამეზობლოში, რომელიც გაცილებით უკეთესად გაუმკლავდა კრიზისს ბევრი მიზეზის გამო - მანამდე რაც ჩვენი უარყოფითი მხარე და გამოწვევა იყო, კრიზისის დროს მოგვევლინა უპირატესობად, ესაა დაბალი ურბანიზაცია, ეკონომიკის დაბალი ინტეგრაცია და ა.შ.

- თქვენი აზრით, ჩვენს მთავრობას აქვს ასეთი ხედვა ან რესურსი, რომ ასეთი ხედვა დადოს, თან 2020 წელს?

- ჩემი აზრით, დღეს ეს ხედვა არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, მე ამ ხედვას ვერ ვხედავ და მიზანი ამ ინტერვიუსიც მათ შორის ის არის, რომ ჩვენი ხედვები, აზრები, თუკი ვინმეს რამე რესურსი გაგვაჩნია, შევთავზოთ, რომ ამ რესურსის გამოყენება მოხდეს.

- ინვესტიციების მოზიდვაზე მინდა ჩაგეკითხოთ, მხოლოდ მთავრობის წევრების სიარული საკმარისია უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად? ბოლო წლებში FDI-ის ძირითადად კლებადი ტენდენცია ჰქონდა.

- ინვესტიციების მხრივ გვაქვს რთული სურათი. რთული სურათი იყო მანამდეც, სანამ ეს პერიოდი დაიწყებოდა და ზოგადად, ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს რაოდენობრივი პარამეტრები - ვიღაცა უნდა იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რომ ინვესტიციები მცირდება; ვიღაცას ეს უნდა ევალებოდეს და ეს აუცილებლად უნდა იყოს ეკონომიკური პროფილის უწყებები და პირველი პირები, ვისი პირადი პასუხისმგებლობაც არის ქვეყანაში ინვესტციციების მოზიდვა...

- მათი პასუხია ხოლმე, რომ ყველაზე მსხვილი BP-ის პროექტი მორჩა....

- ერთადერთი პასუხი არსებობს - ადამიანებს ან შეუძლიათ გაუძღვნენ საქმეს, რაც ავალიათ და დადონ შედეგი ან არ შეუძლიათ, დანარჩენი ყველაფერი არის ბლა ბლა ბლა...

- გიორგი ქადაგიძეს რა შეუძლია გააკეთოს დღეს საქართველოსთვის - მაგალითად, პრემიერის მრჩეველი რომ იყოთ, რას ურჩევდით მას?

- საქართველოში შეიქმნა რამდენიმე პლატფორმა, რომელიც მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით - ესაა ეკონომიკა, ჯანდაცვა და ა.შ. ისინი ამზადებენ დოკუმენტებს, რომელსაც უგზავნიან მთავრობას და ალბათ საჯაროც გახდება. მე რამდენიმე ასეთ პლატფორმაში ვარ ჩართული და არასდროს - არც მანამდე, არც ახლა და არც მომავალში, თუ რამით შემეძლება რომ ვიყო სასარგებლო, რა თქმა უნდა, ვიქნები, ისევე, როგორც დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ადამიანი, ამიტომაც კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი ოდნავ გააქტიურება ამის ნიშანია.

- რომელ პლატფორმებზე ხართ?

- არსებობს EPRC-ის პლატფორმა... მომდევნო კვირებში რამდენიმე დოკუმენტი გახდება საჯარო, რომლის ავტორიც მე ვიქნები. უკვე დაიდო რამდენიმე საინტერესო კვლევაც, მათ შორისაა „გალტ ენდ თაგგარტის“, „რეფორმატიქსის“, „თიბისი რისერჩის“, სადაც მათ შორის ის იდეებია, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. მე იმედი მაქვს რომ გაცილებით მეტ გამოძახილს ჰპოვებს ეს ყველაფერი...

- ჯერ არ უსმენს მთავრობა?

- შევხედოთ, მომავალი გვაჩვენებს...

- და ბოლოს, რჩევები მთავრობას გიორგი ქადაგიძისგან - რისი გაკეთება უნდა დაიწყოს ხელისუფლებამ ახლავე?

- უამრავი რამ არის, რასაც აკეთებენ სხვადასხვა ქვეყნები, რაც დღის წესრიგში დგას და აუცილებელია, პასუხისმგელობის აღება. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი რაცაა, საჭიროა, ყველა იმ ადამიანმა, ვისაც ეს ეხება გამოიჩინოს ლიდერის უნარები, ჰქონდეს ხედვა, აიღოს პასუხისმგებლობა და მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილებები, დღეს ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მის შედეგებს იგრძნობს ყველა ადამიანი თავის საფულეზე, თავის ოჯახში, თავის საწარმოში. მოკლედ, საჭიროა, ძალიან მკაფიო გეგმა, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და როდის ვაკეთებთ.