მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საჯარო სექტორში კერძო სექტორთან შედარებით ხელფასების ჩამორჩენა დიდია" - პრემიერი

62e7aa45525a3
შოთა ტყეშელაშვილი
01.08.22 14:28
10282
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საჯარო სექტორში არსებული ანაზღაურება კერძო სექტორს კონკურენციას ვერ უწევს და აუცილებელია, რომ სახელმწიფომ ხელფასებს შორის ეს ჩამორჩენა აღმოფხვრას. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2026 წლამდე საჯარო სექტორში არსებული ანაზღაურებები ყოველწლიურად 10%-ით გაიზრდება.

საჯარო სექტორის ხელფასების მატების გეგმა ერთი კვირის წინ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა წარადგინა.

“საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის შრომის ანაზღაურება იზრდება; ასევე მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ წლების განმავლობაში 2017-დან 2020 წლამდე პრაქტიკულად არცერთ წელს არ გაზრდილა ხელფასები საჯარო სექტორში, რაც ვფიქრობ, დიდი შეცდომა იყო. ჩამორჩენა იმდენად დიდია კერძო სექტორსა და საჯარო სექტორში არსებულ ხელფასებს შორის. ეს ჩამორჩენა არის საგრძნობი და ამას სჭირდება მოწესრიგება. ჩემი დავალებით, წელს იანვარში უკვე დავიწყეთ ამის მოწესრიგება. იანვარში გაიზარდა ყველა მოხელესთვის ანაზღაურება 10%-ით, ახლა უკვე ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა ჩვენი ხედვა, განისაზღვრა კრიტერიუმები და დადგენილებით უკვე მოწესრიგდება აღნიშნული საკითხი, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ ყოველ წელს 2026 წლამდე, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეთა ხელფასები. ჯამში, გამოვა დაახლოებით 50%-იანი მატება უახლოეს 3-4 წლის განმავლობაში,” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფინანსთა სამინისტრომ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასები 2022 წელს 10%-ით უკვე გაზარდა, რაც საბაზო ხელფასის 1,100 ლარამდე გაზრდით მოხდა. მიმდინარე წელს სამინისტროებსა და სსიპ-ებში დასაქმებული 113,000 ათასი ადამიანის სახელფასო სარგო 177 მილიონი ლარით 1.83 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

საქართველოს საჯარო სექტორი მთლიანობაში 301,000 ადამიანს ასაქმებს, აქ შედიან როგორც საჯარო მოხელეები ასევე, შტატგარეშე მოხელეები და სხვა დასაქმებული პირები. საჯარო სექტორში შედის 60,000-მდე პედაგოგიც, რომლებიც საჯარო სკოლებში ასწავლიან, ასევე ათასობით ადამიანი, რომლებიც მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა სსიპ-ებსა და აიპ-ებში არიან დასაქმებული. საგულისხმოა ფაქტი, რომ ფინანსთა სამინისტრო არ აქვეყნებს ჯამურ მონაცემს თუ რამდენი მილიარდი ლარი იხარჯება საჯარო სექტორში დასაქმებული 301,000 ადამიანის ხელფასზე და სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ სამინისტროებსა და ძირითად სსიპ-ებში დასაქმებულთა (113,000 პირის) ხელფასებს აღრიცხავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები