მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ იზრდება შტატგარეშე ბიუროკრატიის მასშტაბი - გიორგი კაკაურიძის პასუხი

მთავრობის ადმინისტრაცია კანცელარია მთავრობა

"საჭიროება სადაც მოითხოვს, იქ კადრების რაოდენობა გაიზრდება, სადაც ოპტიმიზაციის საშუალებაა, იქ კადრები შემცირდება", - ასე პასუხობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე კითხვას, თუ რატომ იზრდება შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემული ხელფასები.

როგორც გიორგი კაკაურიძემ BMG-ის განუცხადა, საჯარო სექტორში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის შტატგარეშე თანამშრომლების ნაწილში კადრების ზრდის აუცილებლობა მომავალშიც იქნება.

მისივე თქმით, სახელმწიფო საწარმოებსა და საჯარო სექტორში დაანონსებული ოპტიმიზაციის ფარგლებში გამოთავისუფლებული თანხები ისევ საჯარო სექტორში ხელფასების მოწესრიგებას მოხმარდება.

„შტატგარეშე თანამშრომლებზე გაწეული თანხები მუდმივად გაიზრდება, შრომის ანაზღაურების ნომინალური მაჩვენებელი მუდმივად გაიზრდება, ჩვენ გვექნება მზარდი დინამიკა, მათ შორის ხელფასების ზრდის და ეს რესურსიც, რაც საჯარო სექტორში გამოთავისუფლდება, ისევ საჯარო სექტორში ხელფასების მოწესრიგებას უნდა მოხმარდეს.

საჭიროება სადაც მოითხოვს, იქ კადრების [რაოდენობა] გაიზრდება, სადაც ოპტიმიზაციის საშუალებაა, იქ კადრები შემცირდება. ნებისმიერი მუნიციპალიტეტი რომ ავიღოთ, დასუფთავების სამსახური რაც იყო თუნდაც ხუთი წლის წინ, გაცილებით მეტი ტერიტორიის დასუფთავება ხდება დღეს. შესაბამისად, ამ მიმართულებით მომავალში კიდევ საჭირო იქნება დამატებითი კადრები. სადაც იქნება ოპტიმიზაციის რესურსი, იქ ოპტიმიზაცია გაკეთდება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ცნობისთვის, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებებზე რეკორდული თანხა - 153 მილიონი ლარი დახარჯა. ეს 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28.6 მილიონი ლარით მეტია. ამასთან, თავად 2024 წელს მთავრობამ შტატგარეშე მოხელეებზე რეკორდული 606 მილიონი ლარის ხელფასები გასცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები