მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საპარტნიორო ფონდი" ფისკალურ წნეხს არ უნდა ქმნიდეს - ეკონომიკის მინისტრი

6246fef735d3f
მარიამ ვარადაშვილი
01.04.22 17:43
973
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საპარტნიორო ფონდის რეფორმირებასთან დაკავშირებით მთავრობას გარკვეული ხედვა უკვე აქვს, რაც საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმდება და ამის შემდეგ გახდება ის საზოგადოებისთვის ცნობილი.

“საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებით გაცხადებული იყო რეფორმა. უფრო კონკრეტულად კი კანონმდებლობაში ცვლილებები. მთავარი ამოსავალი წერტილი, რაც სავალუტო ფონდის წინა პროგრამაშიც აღნიშნული იყო და ამას ჩვენც ვიზიარებთ არის ის, რომ ის საბიუჯეტო დეფიციტის წყარო არ უნდა იყოს და ფისკალურ წნეხს არ უნდა ქმნიდეს. უნდა გვქონდეს ისეთი მდგრადი საინვესტიციო ფონდი, რომელიც საკუთარ მდგრად და კონკურენტუნარიან პროექტებს განხორციელებას. ამაზე ეკონომიკურ გუნდში ჩამოყალიბებული პოზიცია უკვე არსებობს და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება საპარტნიორო ფონდის რეფორმირების მიმართულებით, რომელიც პირველ ეტაპზე სავალუტო ფონდთან შეთანხმდება. ეს ხედვა, მას შემდეგ რაც ჩვენს პარტნიორებთანაც შევაჯერებთ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება”,-აცხადებს დავითაშვილი.

საპარტნიორო ფონდის რეფორმაზე ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმაც. მისი თქმით, განახლებული საპარტნიორო ფონდის რეფორმირების პროცესში ყველა ის საკითხი იქნება გათვალისწინებული, რაზეც მთავრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან [IMF] არის შეთანხმებული.

“საპარტნიორო ფონდის საქმიანობა არ და ვერ იქნება დამატებითი ფისკალური რისკების შემცველი”,-ამბობს ხუციშვილი.

აღსანიშნავია, რომ მთავრობა “საპარტნიორო ფონდის” რეფორმირებას გასული წლიდან გეგმავს. მას სახელი შეეცვლება და “საქართველოს განვითარების ფონდი” დაერქმევა; შეიცვლება ფონდის დაფინანსების წესიც, რისთვისაც რამდენიმე ალტერნატივა განიხილება. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ფონდის რეფორმირებას უკავშირდება არის ის, თუ საიდან მიიღებს ის დაფინანსებას, რაც ჯერჯერობით უცნობია.