მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთის გავლენა სრულად დათვლილი არაა" - ექსპორტის ასოციაცია

622f1d037a393
ანუკა ჯოხაძე
14.03.22 18:00
5181
გასულ წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 38%-ით გაიზარდა და $610 მილიონს მიაღწია. შედეგად, რუსეთმა აზერბაიჯანი ჩამოიტოვა და საქართველოს მეორე უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი გახდა - მისი წილი მთლიან ექსპორტში 14.4%-ია.

რუსეთში ამოქმედებულმა სანქციებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეს ბაზარი არასტაბილურია და უნდა ჩავანაცვლოთ - ასეთია ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ანა კვარაცხელიას პოზიცია.

როგორც ის ამბობს, რუსეთის გავლენა საქართველოზე იმაზე დიდია, ვიდრე წარმოგვიდგენია. მისი თქმით, გარდა ექსპორტ-იმპორტისა, რუსეთს დღესაც დიდი წილი აქვს ენერგოპროდუქტების იმპორტის ნაწილში, რაც დასაძლევია.

"ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის პრობლემაა იმ რუსული კომპანიების წილები, რომლებიც შეიძლება სულ მალე დასანქცირდეს და ამას დიდი გავლენა ექნება საქართველოზე. ასევე ცალკე არის ენერგოთემები, ამ კუთხითაც ძალიან დიდია ენერგოპროდუქტების იმპორტის წილი რუსეთიდან. ასევე ის სტრატეგიული ობიექტები, რომლებიც გასხვისებულია რუსულ კომპანიებზე, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. ჩვენს ეკონომიკაზე რუსეთის გავლენა სრულად დათვლილი არ არის. ჩვენ ვიცით, მხოლოდ სტატისტიკის სამსახური რასაც გვეუბნება - ეს რიცხვები არის იმპორტი, ექპორტი, ტურიზმი და ინვესტიციები, თუმცა რუსეთს კიდევ უფრო მეტი გავლენა აქვს საქართველოზე, რომელიც ყოველდღიურობაში არ ჩანს", - აცხადებს ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ანა კვარაცხელია.