მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ფოსტამ" პრივატიზაცია დაიწყო, კომპანიის შვილობილის საკონტროლო პაკეტი 3.5 მლნ-ად იყიდება

60f6ec75a086e
შოთა ტყეშელაშვილი
20.07.21 22:27
1850
“საქართველოს ფოსტა” მის საკუთრებაში არსებული საწარმოს - “ჯორჯიან კარგოს” 51%-იან წილს ყიდის. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული აუქციონის თანახმად, კომპანიის 51%-იანი წილი 3.5 მილიონ ლარად იყიდება.

კომპანია “ჯორჯიან კარგო” ამჟამად ლოგისტიკური სერვისების მიწოდებით არის დაკავებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი “საქართველოს ფოსტაა”. შესაბამისად, აუქციონის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში ფოსტის საკუთრებაში კომპანიის 49%-იანი წილი დარჩება.

აუქციონის პირობების თანახმად, “ჯორჯიან კარგოს” შემძენმა კომპანიაში 24 თვის განმავლობაში არანაკლებ 8 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

აუქციონის პირობების დანართის თანახმად, დღეის მდგომარეობით “ჯორჯიან კარგოს” საკუთრებაშია 3.1 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონება; 3.17 მილიონი ლარის ღირებულების 94 ცალი ავტომობილი; 1.07 მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საოფისე ტექნიკა.

კომპანიის საკონტროლო პაკეტის გასხვისების აუქციონი 29 ივლისს სრულდება.

“საქართველოს ფოსტის” მიერ მის საკუთრებაში არსებული კომპანიის წილის გასხვისება სავარაუდოდ წარსულში დაანონსებული პრივატიზაციის ნაწილია.

რაც შეეხება თავად “საქართველოს ფოსტას”, ის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოა. კომპანიის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, ფოსტის და მისი შვილობილი კომპანიების ჯამური აქტივები 93 მილიონ ლარს შეადგენს. 2020 წელს კომპანიას 74.9 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა, რაც 2019 წელთან შედარებით 8.7 მილიონი ლარით ნაკლები იყო. ამასთან, 2020 წელს კომპანიის მოგებამ 6.1 მილიონი ლარი შეადგინა.