მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში ვერ იშოვი ისეთ მუშაკს, რომელმაც იცის USB კაბელის კეთება" - Ginventor-ის დამფუძნებელი

5fd4a3faaa055
თამთა ჯიჯავაძე
12.12.20 15:40
5105
ქართული კომპანია Ginventor-ი საქართველოში USB-კაბელების პირველი საწარმოს ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა ალექსანდრე ლილუაშვილმა გადაცემა BMGDRIVE-ში განაცხადა, მისი თქმით, წარმოების დაწყება წელს, 2020-ში იგეგმებოდა, თუმცა, პანდემიამ და გაურკვეველმა სიტუაციამ მცირედით გადაწია მათი გეგმები.

ლილუაშვილის თქმით, კომპანიამ დაფინანსება მოიპოვა ინვესტიციების სახით და უკვე შეძლო საჭირო თანხის გადარიცხვა სპეციალური დანადგარების ჩამოსატანად. 

„ახლა დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება გზას, რომ ეს დანადგარები ჩამოვიტანოთ... იანვარში, მაქსიმუმ თებერვალში მოვახერხებთ, რომ წარმოებაზე გავიდეთ“, - აღნიშნა Ginventor-ის თანადამფუძნებელმა.

მანვე დასძინა, რომ წარმოების დაწყების პირველ ეტაპზე საჭირო გახდება შესაბამისი მუშახელის გადამზადება, ვინაიდან პირველად ხდება საქართველოში, როდესაც მსგავსი ტიპის პროდუქციის წარმოება იწყება.

„პირველები ჩვენ გავდივართ ამ გზას. ვერ იშოვი ისეთ მუშაკს, რომელმაც იცის USB კაბელის კეთება, უნდა მოხდეს მათი დატრენინგება. ეს უნდა მოხდეს ისევ ჩინეთის ქარხნის დახმარებით, ვიდეოჩანაწერების დახმარებით, შეიძლება მათი წარმომადგენლის ჩამოყვანაც გახდეს საჭირო. დატრენინგების შემდეგ კი ნებისმიერი მუშაკი შეძლებს მის დამზადებას“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება პროდუქციას, რომელსაც კომპანია გამოუშვებს, ლილუაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე ეს იქნება მხოლოდ USB კაბელები, თუმცა, შემდეგ მოიაზრება მაგალითად სადენიანი ყურსასმენების დამზადებაც, ვინაიდან ამ ორი პროდუქტის საწარმოო პროცესი მსგავსია.

ხოლო გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რამდენად შეამცირებს წარმოების გადმოტანა ამ პროდუქტის ღირებულებას, Ginventor-ის თანადამფუძნებელმა უპასუხა:

„როდესაც მივდიოდი ჩინეთში, ყველა მეუბნებოდა, რომ კაბელების წარმოებას შეეშვი, რთულია და ჩინეთს ვერ გაუწევ კონკურენციას. რა თქმა უნდა, სიმართლის მარცვალი ამაში არის, ჩინეთი გიგანტია და ყიდულობს უზარმაზარი რაოდენობისას და როდესაც დიდ რაოდენობას ყიდულობს ჩინელი მწარმოებელი, იმას ვერ გაუწევ კონკურენციას. მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ წავედი ჩინეთში და ეს ტექნოლოგია გავარკვიე. როგორც აღმოჩნდა, ეს ისეთი ნიშაა, რომელშიც შეგვიძლია ჩვენ თანხის დაზოგვა ანუ თვითღირებულების დაწევა მოვახერხოთ. თუმცა, სანამ დიდ მასშტაბზე არ გადიხარ, მანამდე ვერ ახერხებ ამას“.

ცნობისთვის, Ginventor-ი საქართველოს ბაზარზე დაახლოებით სამი წელია რაც ოპერირებს და მომხმარებელს 5 000-მდე დასახელების წვრილ ტექნიკას თუ აქსესუარებს სთავაზობს.