მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამა“ - რა ვიცით დღეს?

619b81fa0f318
ინგა მურუსიძე
22.11.21 15:37
1866
„ჩვენ უნდა მივიღოთ 200,000-კაციანი არმია, რომელმაც ქვეყნის წინსვლაში წვლილი უნდა შეიტანოს“, - ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს ასეთი მოლოდინის საფუძველს მთავრობის მეთაურ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს დაანონსებული სოციალური პოლიტიკის ახალი ხედვა აძლევს, რომლის დეტალები ჯერ უცნობია, მაგრამ მთავრობის გათვლებით, ამ გზით, დაახლოებით, 200,000 შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი მოქალაქე სამუშაო ძალის ნაწილი გახდება.

საქმე ის არის, საქართველოში დღეს საარსებო შემწეობის სახით სოციალურ დახმარებას 633,000 მოქალაქე იღებს, რაც მოსახლეობის 17%-ია. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით კი, სოციალურად დაუცველთა შორის 200,000 მაინც შრომისუნარიანი მოქალაქეა, რომლებიც დღეს ოფიციალურ დასაქმებას დახმარების შეწყვეტის შიშით თავს არიდებენ. ახალი პროგრამა, რომელსაც პრემიერმა დღეს „საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამა“ უწოდა, ამ მოქალაქეებს სხვადასხვა სახით დასაქმების შესაძლებლობას ან პროფესიული გადამზადების შესაძლებლობას მისცემს, რათა მათ სოციალური დახმარება ხელფასებით ჩაანაცვლონ.

აღსანიშნია, რომ პროგრამის შემუშავება ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს დაავალა.

„შეუწყდება თუ არა 200 000-შრომისუნარიან, სოციალურად დაუცველ მოქალაქეს ფინანსური დახმარება, თუ ისინი დასაქმებაზე უარს იტყვიან?" - ეს იყო ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიამ ვიცე-პრემიერს დაუსვა. ლევან დავითაშვილმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა, მაგრამ მიანიშნა, რომ „თუ ადამიანს შეუძლია მუშაობა, სამუშაო არსებობს და ის ამ სამუშაოზე უარს ამბობს, ეს მოდელის ნაწილი ვერანაირად ვერ იქნება, ამიტომ ამგვარი სისტემის არსებობა არსშივე არალოგიკურია“.

ლევან დავითაშვილი ასევე ამბობს, რომ ახალი ინიციატივით, სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს. ამასთან, როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ახალი სოციალური პოლიტიკის ხედვის შემუშავებისას, გაზიარებული იქნება სხვა ქვეყნების გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკა.

„ახალი პროგრამა მოიცავს შრომისუნარიანი მოქალაქეების გააქტიურებას, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას, რომ სოციალური მდგომარეობა გაუუმჯობესდეთ; კითხვა გაჩნდა - თუ რამდენად შეიძლება ეს იყოს სოციალური დახმარების ალტერნატივა. ჩვენ ვამბობთ, რომ შრომისუნარიან ადამიანებს გაუჩნდებათ დამატებითი შემოსავალი. მუშაობასთან ერთად უნდა მოხდეს შრომისუნარიანობის გააქტიურება, ასეთი გვყავს 200-250 ათასი ადამიანი“, - თქვა მან.

რაც შეეხება პოტენციურ სამუშაო ადგილებს, სადაც „საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამის“ ფარგლებში, შეიძლება, შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველები დასაქმდნენ - „ჩვენ ვნახეთ, რომ იყო დეფიციტი ბევრ სამუშაო ადგილზე, მათ შორის, კერძო სექტორში, სოფლის მეურნეობაში, სამშენებლო სექტორში და ა.შ. ჩვენ ამ ინიციატივის ფარგლებში უნდა შევძლოთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რადგან მუნიციპალიტეტების დონეზე ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა. მათ შორის ბევრი სამუშაო ადგილი შეიძლება გაჩნდეს ჩვენი სამინისტროს მიმართულებით, ეს უკავშირდება ტყის მოვლას, დაცული ტერიტორიების მოვლას, სადაც ჩვენ ყოველთვის ვხედავთ სამუშაო ძალის დეფიციტს. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს გარკვეული კვალიფიკაცია უნდა მივცეთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რა ანაზღაურება ექნებათ „საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამაში“ დასაქმებულებს? - დღეს ეს კითხვაც დასვეს ჟურნალისტებმა. „ხელფასებზე ახლა ვერაფერს გეტყვით. პრინციპი ის არის, რომ შემოსავლები არ შეუმცირდებათ მათ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ეს იქნება სხვადასხვა. ჩვენ გვინდა, ამ ადამიანების, სამუშაო ძალის ეკონომიკაში ჩართვა მოვახერხოთ შემდეგი 2 წლის განმავლობაში. 2022-ში დიდი ნაწილის დასაქმების შესაძლებლობა უნდა შევქმნათ და ამისთვის ყველა უწყება იქნება მზად“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

რაც შეეხება კითხვას იმის თაობაზე, რატომ გადაწყდა მაინცდამაინც ახლა ამ ინიციატივის გაჟღერება, მინისტრმა მედიას უპასუხა, რომ „თუ მთავრობას ინიციატივები არ ექნება, ეს ძალიან სამწუხარო იქნება.

„ჩვენ გავატარეთ ძალიან ბევრი რეფორმა, მათ შორის სოციალური მიმართულებით. ქვეყანაში შევამცირეთ უმუშევრობა და სიღარიბე. გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური ზრდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ როცა გვაქვს პროგრესი, უნდა გავჩერდეთ და ახალი ინიციატივები აღარ უნდა გვქონდეს, ბევრი რეფორმა და ინიციატივა გვექნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

„საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამის“ შესახებ დღეს კითხვა უფრო მეტია, ვიდრე - პასუხი. ლევან დავითაშვილის ინფორმაციითვე, ამ საკითხზე იმუშავებს რამდენიმე სამინისტრო, მთავრობის ეკონომიკური გუნდი სპეციალისტებთან ერთად. „აქ ძირითადად წარმოდგენილი იქნება ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, მაგრამ ჩართულები იქნებიან ეკონომიკური გუნდის სხვა წევრებიც - ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება ისეთი მოდელი, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს უპასუხებს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.