მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ შრომისუნარიანი სოცდაუცველი დასაქმებაზე უარს იტყვის, დახმარება შეუწყდება? - პასუხი

619b6b06c475a
ვიქტორია მღებრიშვილი
22.11.21 14:05
5559
"შეუწყდება თუ არა 200 000-შრომისუნარიან, სოციალურად დაუცველ მოქალაქეს ფინანსური დახმარება, თუ ისინი დასაქმებაზე უარს იტყვიან?" - ეს კითხვა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს ჟურნალისტებმა დაუსვეს. 

საქმე ის არის, რომ მთავრობა 200,000 სოცდაუცველის “ამუშავებას” გეგმავს. ამ მიზნით პრემიერმა ახალი პროგრამა დაანონსა. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველთა შორის 200,000 მაინც შრომისუნარიანი მოქალაქეა, რომლებიც დღეს ოფიციალურ დასაქმებას დახმარების შეწყვეტის შიშით თავს არიდებენ. "ჩვენ მოქალაქეები შევაგუეთ, შევაჩვიეთ სიღარიბეს და უმოქმედობას, მართლაც გაუსაძლის მდგომარეობას", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიცე-პრემიერმა მედიის კითხვას  პირდაპირი პასუხი არ გასცა.  „სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან მოქალაქეებს გარკვეული ტიპის არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ, რათა სხვადასხვა ტიპის სამუშაოს შორის გააკეთონ არჩევანი... მაგრამ თუ ადამიანს შეუძლია მუშაობა, სამუშაო არსებობს და ის ამ სამუშაოზე უარს ამბობს, ეს მოდელის ნაწილი ვერანაირად ვერ იქნება, ამიტომ ამგვარი სისტემის არსებობა არსშივე არალოგიკურია. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკები გავითვალისწინეთ, რამდენიმე მოდელი უკვე გვაქვს, თუმცა არ მინდა ყველა დეტალზე ახლა გესაუბროთ, ზუსტად ამისთვის იქმნება უწყებათშორისო კომისია“, - განაცხადა მინისტრმა.

ვიცე-პრემიერი ირწმუნება, რომ ახალი სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, სოციალურად დაუცველთა შემოსავლები არათუ შემცირდება, არამედ გაუმჯობესდება.

„რამდენი იქნება საშუალო ხელფასი ახლა ვერ გეტყვით. ერთი პრინციპი გითხარით, რომ შემოსავლები არ შემცირდება და გაიზრდება და ამაზე დეტალური ინფორმაცია პროექტის დამუშავების შემდეგ გვექნება, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ეს სხვადასხვა იქნება“, - აღნიშნა მან.

ლევან დავითაშვილის განმარტებითვე, მთავრობას მომდევნო 2 წლის განმავლობაში შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველების უდიდესი ნაწილის დასაქმება სურს. მისი თქმით, კადრებზე მოთხოვნა კერძო სექტორშიც არსებობს. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ ამ პროგრამით სოციალურად დაუცველთა მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს და არა - პირიქით.

„ერთ დღეში 200 000 ადამიანის დასაქმებას ვერ შევძლებთ, ეს ეტაპობრივად მოხდება, თუმცა გვინდა, ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილებები ძალიან მასშტაბური იყოს და ამ ადამიანების ჩართვა, რაც შეიძლება მალე მოვახერხოთ. კერძო სექტორსაც სჭირდება კადრები, მოთხოვნა დიდია მათ შორის დასაქმების სააგენტოსგან, თუმცა ადეკვატურად ვერ ხდება მიწოდება, ამაზე ჩვენ ვიზრუნებთ. ეს სტრუქტურა ისე უნდა ავაწყოთ, რომ კერძო სექტორისთვის ადამიანების დასაქმების შესაძლებლობა გაჩნდეს, მაგრამ მოდელი უნდა იყოს წამახალისებელი. დარწმუნებული ვარ, იქნება ეს წახალისება, რადგან ამ ადამიანებს დღეს თუ რისკი აქვთ და კონკრეტული მოლოდინი იმის, რომ შესაძლებელია სოციალური დახმარება შეუწყდეს იმ შემთხვევაში თუ დროებით სამუშაოზე დათანხმდება, ჩვენ ყველანაირი გარანტია უნდა მივცეთ, რომ ეს ასე არ იქნება. ანუ სოციალურად დაუცველთა მდგომარეობა კი არ უნდა გაუარესდეს, არამედ პირიქით უნდა გავაუმჯობესოთ.

გვინდა, რომ შრომისუნარიანი სამუშაო ძალის ეკონომიკაში ჩართვა სრულად მოვახერხოთ შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში მოვახერხოთ. ეს შეიძლება იყოს, დაახლოებით, 2 წელი. 2022 წელს დიდი ნაწილის დასაქმების შესაძლებლობა უნდა შევქმნათ და ამისთვის ყველა სტრუქტურა იქნება მზად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.