მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შუქურა" - „აჭარა ჯგუფმა“ ციხისძირში ახალი ტურისტული ობიექტი გახსნა

60e9872df1569
ვიქტორია მღებრიშვილი
10.07.21 17:05
16913
„აჭარა ჯგუფმა“ ციხისძირში კიდევ ერთი ახალი ტურისტული ობიექტი, "შუქურა" გახსნა, რაც რესტორანსა და ღია დასასვენებელ სივრცეებს აერთიანებს. 

როგორც BM.GE-ის „აჭარა ჯგუფში“ განუმარტეს, "შუქურას" სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილის ისტორიის, არქიტექტურისა და უნიკალური ლანდშაფტის შენარჩუნებით 2021 წელს დაიწყო და დღეისთვის ყოფილი დასასვენებელი სახლ „შუქურას“ სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია.




კომპანიაში აცხადებენ, რომ ციხისძირის სუბტროპიკულ ტყესა და ზღვას შორის მდებარე „შუქურას“ რესტორანსა და ღია დასასვენებელ სივრცეებს მომავალში სასტუმროს ამოქმედებაც მოჰყვება. „შუქურაში“ ამ ეტაპისთვის 100 ადამიანი დასაქმდება. მომავალში კი პროექტის განვითარებასთან ერთად სამუშაო ადგილების რაოდენობა გაორმაგდება.

სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში გაძლიერება „აჭარა ჯგუფის“ ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია, შესაბამისად, კომპანია ქვეყანაში ახალ სივრცეებს ავითარებს.

„პანდემიის მიუხედავად, ჩვენი ჯგუფი 2021-2022 წლებში როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არაერთ პროექტზე მუშაობს, რომელიც გვჯერა, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. მოხარული ვართ, რომ წელს სტუმრებს ვუმასპინძლებთ ციხისძირში, შუქურაში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილის ისტორიის, არქიტექტურისა და უნიკალური ლანდშაფტის შენარჩუნებით განხორციელდა. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დასაწყისია და „შუქურას“ პროექტის ფარგლებში ეტაპობრივად გაიხსნება სასტუმრო და დასასვენებელი სივრცე, თუმცა პროექტის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ „შუქურა“ საბოლოო სახეს გარემოსთან, თანამშრომლებთან და სტუმრებთან ერთად თავად იპოვის“, - აცხადებს "აჭარა ჯგუფის" განვითარების კომპანია „კოლექტივის“ აღმასრულებელი დირექტორი ოთო ბერიშვილი.




„აჭარა ჯგუფში“ აცხადებენ, რომ საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა და ხელმძღვანელებმა ადამიანური კაპიტალის გაძლიერებისთვის აუცილებელი ინვესტიცია განახორციელონ და პარტნიორული და ინკლუზიური ბიზნეს მოდელებისთვის საჭირო ინოვაციური მიდგომები ჰქონდეთ.

„ინოვაციური მიდგომების შედეგად ვქმნით და აღვადგენთ უნიკალურ, მრავალფუნქციურ სივრცეებს, ვასაქმებთ ათასობით საქართველოს მოქალაქეს და ვზრუნავთ მათ პროფესიულ განვითარებაზე. "აჭარა ჯგუფი" გახსნის დღიდან, ზრუნავს საქართველოში კრეატიული ეკონომიკის გაძლიერებაზე, რაც თავის მხრივ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს. მხოლოდ შუქურამ უკვე 100 თანამშრომელი დაასაქმა და გუნდის კიდევ 100 წევრით გაზრდას ელის“, - ამბობს „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი ანი დაბრუნდაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ციხისძირის პროექტის პარალელურად, „აჭარა ჯგუფი“ ძველი ბათუმის ისტორიულ ნაწილში ახალი სასტუმროს პროექტზე - Rooms Batumi მუშაობს, რომელიც 2022 წლის ზაფხულიდან ქართველ და უცხოელ სტუმრებს უმასპინძლებს. შედეგად, დამატებით 250-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. აღსანიშნავია, რომ კომპანიის თითოეული პროექტი შემოქმედებითი ეკოსისტემების განვითარებას უწყობს ხელს, რომლის ფარგლებშიც სხვა ახალი საქმიანობებისთვის საჭირო ხელსაყრელი გარემო იქმნება.

აჭარაში აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის „აჭარა ჯგუფი“ 20 მლნ დოლარის ინვესტიციას დებს.