აჭარა 2024 წლის ზაფხულის სეზონისთვის ემზადება - თუკი 2023 წელს რეგიონს 4.3 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 25%-იან ზრდას წარმოადგენდა, 2024 წლისთვის აჭარის ტურიზმის ადმინისტრაციას უფრო ამბიციური მიზნები აქვს, რომელთა მიღწევისთვისაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას 25-მდე საერთაშორისო ბაზარზე გეგმავს.
როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში BMG-სთან განმარტავენ, უკვე დაწყებულია, რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობების პოზიციონირება საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და ღონისძიებებში მონაწილეობით, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია, უნგრეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესპანეთი, ფინეთი, დანია, თურქეთი და ინდოეთი.
„ბაზრების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია, რეგიონში ტურისტების მოსაზიდად, როგორც ტრადიციული, ისე ახალი სამიზნე ქვეყნებიდან. მიმდინარე წელს, ჩვენ რეგიონის პოპულარიზაციას სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიებით, ონლაინ რეკლამითა თუ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობით, 25-მდე ქვეყანაში ვაწარმოებთ. ტრადიციული ბაზრებია: გერმანია, ბრიტანეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, თურქეთი, პოლონეთი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ისრაელი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი. ახალი ბაზრები: ესპანეთი, საფრანგეთი, ავსტრია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, უნგრეთი, ჩინეთი, ინდოეთი და აშშ. ვთანამშრომლობთ როგორც საერთაშორისო მედია პლატფორმებთან ასევე ონლაინ გამოცემებთან, საბორდო ჟურნალებთან. ამავდროულად, ვმუშაობთ სოციალურ მედია და დიჯიტალ მედია მარკეტინგზე“,- ამბობენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში და აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი ტურიზმის მიმართულებით წელსაც, ძირითადი აქცენტი კონტენტ კრეატორებთან და ინფლუენსერებთან თანამშრომლობაზე გაკეთდება.
რაც შეეხება 9 970 000 ლარის მარკეტინგულ ბიუჯეტს, როგორც BMG-ს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში უთხრეს, 1 300 000 ლარი განკუთვნილია შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის, დანარჩენი კი რეგიონის ტურისტული პროდუქტების საერთაშორისო ბაზრებზე მარკეტინგისთვის.
„რაც შეეხება საერთაშორისო მარკეტინგისთვის განკუთვნილ ბიუჯეტს, აღნიშნული ბიუჯეტის 20% იხარჯება კამპანიებზე, რომლებიც მიმართულია ზოგადად ქვეყნის საიმიჯო კამპანიების საწარმოებლად საერთაშორისო მედია პლატფორმების მეშვეობით (BBC, დოიჩე ველე, ევრონიუსი), რაც ფარავს ერთდროულად რამდენიმე ქვეყანას, ეს შეიძლება იყოს 16 ან 20 ქვეყანა ერთობლივად. დარჩენილი 80% თანაბრად ნაწილდება და სხვადასხვა პროექტების საშუალებით ხორციელდება რეკლამები იმ სამიზნე ბაზრებზე რომლებიც ჩვენ გვაქვს, ეს შეიძლება იყოს დიჯითალ რეკლამა, პოპულარულ ონლაინ ტურისტულ პლატფორმებზე ჩასაშვები პროექტები, ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს აქტიურად ვცდილობთ კონკრეტული ბაზრების ანალიზის საფუძველზე კონკრეტული ტურისტული პროდუქტების მარკეტინგული და პიარ კამპანიები ვაწარმოოთ, როგორიცაა იუნესკოს დაცული ტერიტორიები, ღვინო, კულინარია, ტრადიციები და ა.შ. ასევე უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ ბიუჯეტში შედის ყველა სამიზნე ბაზრის ძირითად ტურისტულ გამოფენებსა და შოურუმებში მონაწილეობა“,- აღნიშნავენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.
დეპარტამენტში ამბობენ, რომ საერთაშორისო აღიარებები სტიმულია ტურისტული პროდუქტების განვითარებისთვის.
„საინტერესო სიახლეებით დაიწყო წელი ბათუმისთვის. ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმამ - European Best Destinations ბათუმი ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებად დაასახელა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ბათუმმა, ევროპის 20 პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას შორის, მეხუთე ადგილი დაიკავა, რასაც პრესტიჟული გამოცემები: Forbes, Wanderlust და Viaggi სტატიებით გამოეხმაურა. გასულ წელს, კი ბათუმი ევროპის ყველა სეზონის საინტერესო ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. აღნიშნული აღიარებები, პირველ რიგში დიდ სტიმულს აძლევს რეგიონს განავითაროს ტურისტული პროდუქტები, მეორე მხრივ კი დიდი პასუხისმგებლობაა მომზადებული დახვდეს რეგიონი ტურისტულ სეზონს. მთიანი აჭარის მიმართულებით წელს ტურისტებს 25-ზე მეტი მარკირებული ტურისტული ბილიკი, ხიხანი ციხეზე ასასვლელი ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა და საინტერესო სათავგადასავლო მარშრუტები ელოდებათ“,- ამბობენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.
2023 წელს აჭარაში შიდა და საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 4.3 მილიონს გადააჭარბა, რაც წლიურ ჭრილში 25.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.