მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ასე გაგრძელდა, მესტიას დავკარგავთ”- ბიზნესი გენგეგმის დამტკიცებას ითხოვს

6311f85945596
ანუკა ჯოხაძე
02.09.22 20:09
1961
მესტიაში მდებარე ტურისტული ობიექტები გენგეგმის მოკლე ვადებში დამტკიცებას ითხოვენ. სხვადასხვა სასტუმროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მესტიაში ქაოსური განაშენიანება დაწყებულია, რაც მათ ტურისტს დააკარგვინებს.

“სამწუხაროდ, მესტიასა და უშგულში ქაოსურად დაიწყო მშენებლობები. მე, როგორც ადგილობრივი, რომელიც აქ დავიბადე და გავიზარდე ძალიან მწვავედ ვხედავ მესტიაში და უშგულში ავთენტური გარემო, როგორ იცვლება. ვფიქრობ, ამ პრობლემაზე, ადგილობრივმა, ცენტრალურმა მთავრობამ და მოსახლეობამ ერთად უნდა იზრუნოს. აუცილებელია ე.წ ოქროს წერტილის პოვნა- ბუნების დაცვას, ადგილობრივი არქიტექტურის შენარჩუნებასა და ტურიზმს შორის,”-ამბობს დათა ნიკოლოზიანი სასტუმრო “ECOHOUSE SVANETI”-ის დამფუძნებელი.

სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობა უკვე წლებია მიმდინარეობს. თუმცა ამ დრომდე დამტკიცებული არ არის, რის გამოც შენობები ყოველგვარი წესებისა და სტანდარტების გარეშე შენდება.

"მესტიაში ტურისტული ნაკადების მატებასთან ერთად იზრდება იმ სასტუმროების რიცხვიც, რომლებიც შენობა ნაგებობებს ყოველგვარი წესებისა და სტანდარტების გარეშე აშენებენ, რაც სამომავლოდ ადგილობრივ ბიზნესს და რეგიონს ზიანს მიაყენებს. აღარ ჩამოვა სტუმარი, რომელიც აქ ავთენტური გარემოსთვის მოდის. თუ ძალიან ბევრი შენობა დახვდება, რომელიც საერთოდ არ ჯდება ადგილობრივ გარემოში ტურისტებს დავკარგავთ. ყოველ შემთხვევაში იმ ევროპელ მაღალ მხარჯველ ტურისტებს დავკარგავთ, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. თუ ასე გაგრძელდა, მესტიას დავკარგავთ", - აცხადებს სასტუმრო “ფალიანის” დამფუძნებელი ეკა გველესიანი.

ცნობისთვის: მესტიისა და მულახის სივრცითი მოწყობისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო. მულახის გენგეგმა დამტკიცდა, თუმცა მესტიაში პროცესები ამ დრომდე არ დასრულებულა.