მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ საჭირო იქნება, კორტების საპრივატიზაციო ღირებულება შემცირდება და აუქციონზე ისე გამოვა"

5fe5eeed8baac
ინგა მურუსიძე
25.12.20 18:00
879

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თუ საჭირო იქნება, კორტების საპრივატიზაციო ღირებულება შემცირდება და აუქციონზე ისე გამოვა.

როგორც ხმალაძემ საკრებულოში განაცხადა, წელს აუქციონი ორჯერ ჩავარდა, თუმცა ეს პანდემიას უკავშირდება.

„კორტების თემას რაც შეეხება, აუქციონი ორჯერ ჩავარდა, მაგრამ ეს უკავშირდება პანდემიას, რადგან ძალიან შემცირებულია ეკონომიკური აქტივობები და ასეთი ღირებულების აქტივი შეიძლებოდა არ გაყიდულიყო. მომდევნო წელს გამოცხადდება ახალი აუქციონი, შეიძლება ჩვენ ეს გავაკეთოთ შემცირებული ღირებულებით, რადგან ჩვენი პრიორიტეტია, რომ აქ არ აშენდეს კორპუსი და აღდგეს ძველი სახე, იმ სპორტული სივრცის, რომელიც წლები ემსახურებოდა დედაქალაქს. თუ საჭირო იქნება შევამცირებთ საპრივატიზაციო ღირებულებას და ისე გამოვიტანთ აუქციონზე“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტერიტორია თბილისის მერიამ კერძო მფლობელისგან მიმდინარე წლის თებერვალში დაიბრუნა. კომპანია “სიმეტრიას” ადგილმონაცვლეობა შესთავაზეს და ალტერნატიული უძრავი ქონება საბურთალოს და ჩუღურეთის რაიონში გადაეცა.

ობიექტის პირველადი საპრივატიზაციო თანხა 5 760 000 ლარი იყო. საინვესტიციო პირობების მიხედვით, ინვესტორმა 7174 კვადრატულ მეტრ ფართობ ტერიტორიაზე უნდა მოაწყოს 4 კორტი, 1 საცურაო აუზი და ერთი სავარჯიშო-სატრენაჟორო დარბაზი. 

რაც შეეხება აუქციონს, პირველად მერიამ ყოფილი კორტების ტერიტორია აუქციონზე მიმდინარე წლის მაისში გაიტანა, თუმცა ქონება ვერ გაყიდა. როგორც მაშინ მერიის ქონების მართვის სამსახურში აცხადებდნენ, მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული აუქციონით არავინ დაინტერესდა.

მეორედ აუქციონზე კორტები ოქტომბრის დასაწყისში გაიტანეს, თუმცა პროექტით არც ამ შემთხვევაში დაინტერესდნენ.