მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის კიდევ ერთი პირი დააკავეს - შსს

60ebe6867f45b
ინგა მურუსიძე
12.07.21 10:51
458
შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 1 პირი, 1992 წელს დაბადებული დ.კ. დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, ბრალდებულმა - დ.კ.-მ, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.  5 ივლისს, მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის - 5 ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. 

შეგახსენებთ: 5 ივლისს "სირცხვილიას" ოფისში "TV პირველის" ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას და მის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ათეულობით ადამიანმა სცემა. ლაშქარავა თვალის და სახის ძვლების დაზიანებით საავადმყოფოში იყო მოთავსებული, მაგრამ ის 10 ივლისს გამოწერეს. ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს დილით საკუთარმა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.