მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"TVMR საქართველო" კომუნიკაციების კომისიას პასუხობს

606ae47ac44f0
შოთა ტყეშელაშვილი
05.04.21 14:24
1151
"TVMR საქართველო" კომუნიკაციების კომისიას პასუხობს. კომპანია აღნიშნავს, რომ მათი სისტემების აუდიტის ჩამტარებელი ორგანოს შერჩევის პრეროგატივა აქვს არა კომუნიკაციების კომისიას, არამედ იმ ტელევიზიებსა და სარეკლამო კომპანიებს, რომლებიც მათი ძირითადი დამკვეთები არიან. ამასთან, "TVMR საქართველო" აცხადებს, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ გამოხატავს წუხილს კომუნიკაციების კომისია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში სატელევიზიო რეიტინგებს ორი კომპანია ითვლის.

"კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“, ნილსენის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ცალსახად აცხადებს, რომ ჩვენი კომპანია ყოველთვის მზადაა, ჩატარდეს კვლევის აუდიტი ბაზრის მიერ შერჩეული, საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორული კომპანიის მიერ, როგორც ეს ოთხჯერ მოხდა კომპანიის საქმიანობის განმავლობაში.

საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, არც კომუნიკაციების ეროვნული კომისია და არც სხვა რომელიმე სტრუქტურა არაა უფლებამოსილი, შეარჩიოს/მოიწვიოს საერთაშორისო დამოუკიდებელი აუდიტი. შესაბამისად, ვერც სატელევიზიო აუდიტორიის გამზომი კომპანია თავად ვერ შეარჩევს აუდიტორულ კომპანიას, ამის პრეროგატივა მხოლოდ სატელევიზიო ბაზრის მონაწილეებს გააჩნიათ. ცხადია, ბაზრის მონაწილეებში, პირველ რიგში, ვგულისხმობთ საქართველოში მაუწყებელ ტელეკომპანიებსა და აგრეთვე სარეკლამო სააგენტოებსაც.

ჩვენი ეს პოზიცია არაერთხელ, წერილობით დავაფიქსირეთ კომუნიკაციების კომისიაში. მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი მიმართვისა კომუნიკაციების კომისიის მიმართ, პროცესში ჩაერთო დამკვეთი ტელეკომპანიები, კომისიამ ეს არ გააკეთა. ამიტომ თავად მივმართეთ ჩვენს დამკვეთ ტელეკომპანიებს, რომლებმაც პროცესისადმი უნდობლობის გამო, პრინციპულად უარი განაცხადეს მარეგულირებელს გაეფორმებინა კონტრაქტი აუდიტორთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავად აუდიტორს ბაზრის ძირითადი მოთამაშეები შეარჩევდნენ. მაუწყებლებმა მარეგულირებელ კომისიას 2021 წლის 11 თებერვალს ერთობლივი წერილით გააცნეს მათი პოზიცია აუდიტის საკითხთან დაკავშირებით (წერილის ასლი თან ერთვის ჩვენს განცხადებას).

შეგახსენებთ, რომ კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“ სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვას 2005 წლიდან უწყვეტად ახდენს და სხვადასხვა დროს, წარმატებით გავლილი აქვს აქვს საერთაშორისო დამოუკიდებელი აუდიტი. ამდენად ბაზარზე მეორე მთვლელი კომპანიის შემოსვლა კომისიის ლოგიკის მიხედვით არ ეფუძნებოდა ბიზნეს გადაწყვეტილებას, ვინაიდან ჩვენს კომპანიას უკვე ჰქონდა საერთაშორისო აუდიტის დადებითი არაერთი დასკვნა. მთელი ბაზრისთვის ცნობილია, რომ ქვეყანაში ინდუსტრიის კომიტეტის და მის მიერ გამოცხადებული საერთო გამჭვირვალე ტენდერის ჩატარების გარეშე, ცალკეული მხარის დაინტერესებით და აქტიური ხელშეწყობით გაჩნდა მეორე გამზომი კომპანია, რაზეც მარეგულირებელ კომისიას განცხადებაც კი არ გაუკეთებია. ამიტომ ეხლა გაუგებარია კომისიის წუხილი ორი გამზომის და ორი მონაცემის არსებობის თაობაზე," - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისიამ 2 მარტის განცხადებაში აღნიშნა, რომ ბაზარზე მოქმედი სარეიტინგო კომპანიების მიერ გაზომილი რეიტინგები ერთმანეთს არ ემთხვევა, რაც სექტორში გაურკვევლობას წარმოშობს და მეტიც, მის განვითარებაზე ნეგატიურად მოქმედებს. კომისიის განცხადების თანახმად, ისინი მზად არიან დააფინანსონ საერთაშორისო აუდიტი, რომელიც ორივე კომპანიას უნდა ჩაუტარდეს და აუდიტის მეშვეობით განისაზღვროს თუ რამდენად სწორ რეიტინგებს აქვეყნებს თითოეული მათგანი. 

კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ TMI ამ აუდიტის ჩატარებას დათანხმდა, TV MR-მა კი მასზე უარი განაცხადა, რისი მიზეზიც ამ სარეიტინგო კომპანიის კლიენტი ტელევიზიების პროტესტი გახდა. კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს უარი TV Pirveli-ს, "ფორმულას", "კავკასიას" და "მთავარი არხის" მხრიდან მომდინარეობდა. 

კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ სხვა ბაზრებზე სატელევიზიო რეიტინგებს მხოლოდ 1 კომპანია ზომავს, შესაბამისად, არსებულ ვითარებაში კომუნიკაციების კომისია ბაზარზე არსებულ კონკურენციას პრობლემად მიიჩნევს.