მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაშლი, რომ ვერ გავყიდოთ გადაყრა მოგვიწევს" - რა პრობლემები აქვთ ფერმერებს რეალიზაციისას?

62f27d1b04adb
ალა ისპირიანი
09.08.22 21:35
2578
ადგილობრივ ბაზარზე ფერმერებს ვაშლის რეალიზაციისას პრობლემები შეექმნათ. მიზეზი უხვი მოსავალი და პროდუქციით გაჯერებული ადგილობრივი ბაზარია.

როგორც ფერმერი თენგო კალმახელიძე Bm.ge -სთან ამბობს, შარშანდელთან შედარებით წელს სამჯერ მეტი მოსავალი მოვიდა და ფერმერები ხილის ექსპორტზე გატანის აუცილებლობის წინაშე დადგნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფერმერებს ვაშლის გადაყრა მოუწევთ.

„ვაშლის ბაღი 1 ჰა-ზე 2002 წელს ქარელის რაიონში გავაშენე. წელს შარშანდელთან შედარებით სამჯერ მეტი - 20 ტონა ვაშლი მოვიდა. ძირითადად გორის ბაზარზე ვყიდით ხოლმე, მაგრამ წელს აღარ იყიდება. სხვა ბაზრებზე, რომ არ გავიდეს ვაშლი გამოდის უნდა გადავყაროთ. გორის ბაზარზე აზერბაიჯანელები მოდიოდნენ და ვაშლი მიჰქონდათ, მაგრამ ახლა აღარ მიაქვთ. თქვეს, რომ საბაჟოზე იმდენს ახდევინებენ, რომ გატანა აღარ უღირთ“, - ამბობს იგი და დასძენს, რომ ამ კონკრეტული სარეალიზაციო ბაზრის "დახურვამდე", აზერბაიჯანში სეზონზე 15 ტონამდე ვაშლის გაყიდვას ახერხებდა.

ფერმერის თქმით, პრობლემაა ისიც, რომ ადგილობრივ ბაზარზე ვაშლის ფასი 40-დან 80 თეთრამდე მერყეობს, მაგრამ ჩამბარებელ პუნქტებში სიტუაცია გაცილებით მძიმეა.

„ვაშლის ჩასაბარებელი პუნქტებიც არსებობს, მაგრამ იქ ვაშლში იმდენად მიზერულ თანხას იხდიან, რომ იმ თანხით მხოლოდ მუშების ხელფასს თუ დავფარავთ. მაგალითად, 1 კგ ვაშლს წვენის ქარხანაში 15-20 თეთრს იბარებენ, რაც ძალიან ცოტაა. პრობლემაა ისიც, რომ ვაშლს მაღაზიის ქსელებშიც ვერ ვაბარებთ. სადაც მივედი და ვიკითხე ყველას თავისი შემომტანი ჰყავს და ძირითადად თურქეთიდან და სომხეთიდან შემოაქვთ. ხომ შეიძლება ჯერ ადგილობრივ ფერმერებს შეუწყონ ხელი ხილის გასაღებაში და თუ დეფიციტი იქნება შემდეგ შემოიტანონ სხვა ქვეყნიდან “, -აღნიშნავს თენგო კალმახელიძე .

ვაშლის რეალიზაციის პრობლემა აქვს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოში ყანდორელაშვილების ოჯახსაც. როგორც ფერმერი მარიკა ყანდორელაშვილი bm.ge-სთან განმარტავს, წელს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მოსავალი აქვთ.

"ვაშლი გორის ბაზარზე გაგვაქვს. წელს ისეთი მდგომარეობაა ვფიქრობ, ბაზარი სხვას დავუთმო. სხვადასხვა ჯიშის ხილი, დიდი რაოდენობით არის გამოტანილი ბაზარზე და ვაშლი არავის უნდა. ჩემი დაკვირვებით ხილი უწევს ერთმანეთს კონკურენციას. თუ პროდუქცია საზღვარგარეთ არ გავიდა ადგილობრივ ბაზარზე ამდენი ხილი ვერ გაიყიდება", - ამბობს მარიკა ყანდორელაშვილი.