მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვხედავთ ჰიბრიდული, ენერგეტიკული ომის გამოკვეთილ ნიშნებს" - ირაკლი ღარიბაშვილი

60619c034b112
ვიქტორია მღებრიშვილი
29.03.21 13:25
1644
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "დღეს სახეზე გვაქვს ჰიბრიდულ-ენერგეტიკული ომის გამოკვეთილი ნიშნები". ამის შესახებ მან ენგურჰესზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტების მიერ „ნამახვანჰესზე“ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

„ნამახვანჰესი“ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია. ის ჩვენი ქართველი მეცნიერების მიერ 30-40 წლის წინაა დამუშავებული. ის აჟიოტაჟი და ხმაური, რაც დაწყებულია, აბსოლუტურად გაუგებარია. მეორე მხრივ, მინდა გავმიჯნო მოსახლეობა, რომელიც იქ გულწრფელად არის ჩართული პროცესებში, პოლიტიკურად ანგაჟირებული და უცხო სახელმწიფოების მიერ წახალისებული მოქალაქეებისგან.

დღეს ჩვენ ვხედავთ ჰიბრიდული, ენერგეტიკული ომის გამოკვეთილ ნიშნებს ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირ ნიშნავს ქვეყნის დამოუკიდებლობას. იმპორტი მიმდინარეობს და ის ყოველწლიურად მზარდია. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ დიდი, მცირე და მიკრო ჰესების მშენებლობას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდში, ENKA-ს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და საპროტესტო გამოსვლები ინვესტორთან და მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობას ხელს უშლის.

„კომპანია ENKA „ნამახვანჰესში“ 840 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. დამისახელეთ ასეთი კომპანია, რომელიც პანდემიის დროს ამხელა ინვესტიციას შემოიტანს ქვეყანაში და ჩვენ ამას ჩვენ ნებით თუ სურვილით ვეწინააღმდეგებით და ვაფერხებთ ამ სამუშაოებს. პროექტში დასაქმდება 2 000 კაცი და 400-ზე მეტი მეგავატის სიმძლავრის ჰესი შეემატება ჩვენს ენერგოსისტემას. ამას გარდა, მინდა გითხრათ, რომ საუბარი და კითხვები იყო ინვესტორისთვის ტერიტორიების რამდენიმე წლით იჯარით გადაცემაზე, ეს მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და შესაბამისად, ეს გაუაზრებელი და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა, რომელიც ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან, ჩვენს ინვესტორებთან ურთიერთობას ხელს უშლის, უნდა შეწყდეს“, - განაცხადა პრემიერმა.