მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრენები არ ნიშნავს, რომ რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ რუსეთთან, ეს ეკონომიკური ურთიერთობების ნაწილია - ღარიბაშვილი

646dc3f85f563
ვიქტორია მღებრიშვილი
24.05.23 12:11
828
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ჰკითხეს. საკითხი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას და დასავლეთის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს შეეხებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს თემა მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური და სავაჭრო ჭრილში განიხილება და ფრენების აღდგენა რუსეთთან პოლიტიკურ დისკუსიას არ გულისხმობს.

წამყვანის რეპლიკაზე - ხომ არ აღიზიანებს ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების მიღებით სტრატეგიულ პარტნიორებს, პრემიერმა თქვა, რომ საქართველოს სუვერენული უფლებაა, ჰქონდეს ეროვნული ინტერესები.

- ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვნახე პროტესტი ქუჩებში. ვნახეთ ასევე, რომ რუსეთთან ფრენები ხორციელდება, როგორ აუხსნიდით საერთაშორისო საზოგადოებას ამას?

- ეს რუსეთთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის ნაწილია. ჩვენ არ გვითქვამს, რომ შევაჩერებდით ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან. თქვენ რუსეთთან ფრენები ახსენეთ, ბევრ ქვეყანას აქვს რუსეთთან ფრენები, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არცერთი სანქცირებული კომპანია, არცერთი სანქცირებული ავიახაზი საქართველოში არ იფრენს...

- ამ პოზიციას მტკიცედ შეინარჩუნებთ?

- რა თქმა უნდა...

- სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და ასეთია აშშ-ის პოზიცია. თქვენ ამ ფრენებით აღიზიანებთ მეგობრებს, თუ როგორი პოზიცია გაქვს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან მიმართებით?

- უპირველეს ყოვლისა, აშშ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და მადლიერი ვართ ყველაფრისთვის, რაც ამერიკას ჩვენთვის გაუკეთებია და ევროპის მიმართაც მადლიერნი ვართ. საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ საკუთარი ეროვნული ინტერესები ჰქონდეს. როგორც განვმარტეთ, საქართველოს რუსეთთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს და 1 მლნ ქართველი გვყავს ეთნიკურად ქართველი რუსეთში მცხოვრები დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან მგონი, ჩვეულებრივი ამბავია. თან ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ჩვენ რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ რუსეთთან, ეს ჩვენ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ნაწილია, ისეთივე როგორც ევროკავშირსა და ამერიკას აქვთ.

- თქვენ პუტინის ნარატივს არ მიჰყვებით? მხოლოდ ფრენების ჭრილში რომ განვიხილოთ ეს საკითხი?

- არ ვიტყოდი ასე... ეს სავაჭრო ურთიერთობებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები