მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წარსული პროგრესის მიუხედავად, რეფორმების პროცესი შენელებულია" - EIB და EBRD საქართველოზე

61af70591477e
შოთა ტყეშელაშვილი
07.12.21 18:38
1130
"წარსულში არსებული პროგრესის მიუხედავად, საქართველოში რეფორმების პროცესი შენელებულია" - ნათქვამია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ კვლევაში.

94-გვერდიანი დოკუმენტის პირველივე თავში გაკეთებულია საქართველოს მთავრობისთვის ყურადსაღები განცხადება, რომ ქვეყანაში წარსულში არსებული პროგრესის მიუხედავად, ბოლო წლების განმავლობაში რეფორმების პროცესი შენელებულია, ხოლო ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, პოლარიზაციის შემცირება, ასევე ფართო რეფორმების განხორციელება ეკონომიკის ყველა ძირითადი სექტორის მიმართულებებით.

გავლენიანი ევროპული ინსტიტუტების შეფასებით, აუცილებელია, საქართველომ უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელოს განათლების რეფორმაში, რათა ახალი თაობა უფრო მომზადებული შეხვდეს მომავლის ეკონომიკას, რომელიც თითოეული ქვეყნისგან ციფრული უნარ-ჩვევების განვითარებას მოითხოვს.

EIB-ისა და EBRD-ის დოკუმენტში ასევე საუბარია საჯარო სამსახურის და მმართველობითი სისტემის რეფორმაზეც, რათა სახელმწიფოს შტოების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა გაიზარდოს.

კრიტიკულად აუცილებელ რეფორმებს შორის ასევე დასახელებულია სასამართლო რეფორმაც.

EIB და EBRD საქართველოს შესახებ წერენ:

“ვარდების რევოლუციის" შემდეგ ფართოდ აღიარებული წარმატების მიუხედავად, საქართველოს საჯარო მმართველობითი სისტემის ტრანსფორმაციის პროცესი დასრულებული არაა, რის გამოც მნიშვნელოვანია, მმართველობითი სტანდარტების გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტული რეფორმა იყოს.

საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობა არის ბიზნესის მიერ ყველაზე ფართოდ დასახელებული გამოწვევა, რაც ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებზე პირდაპირ ახდენს გავლენას. ასევე, ამას გავლენა აქვს ქვეყნის მიერ გრძელვადიან ჭრილში რეფორმების განხორციელებაზე.

სასამართლო სისტემის გაძლიერება, მისი ანგარიშვალდებულებისა და უნარების გაუმჯობესება და სასამართლო დავების გადაწყვეტის ეფექტიანობის გაზრდა საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების ერთ-ერთი გასაღებია.

ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობის და სამომავლო ზრდის ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანია რეფორმების სხვა მიმართულებებით განხორციელებაც, მათ შორის საჯარო ადმინისტრირების და ელექტრონული მმართველობის გაუმჯობესების კუთხით. ასევე საჯარო შესყიდვების მიმართულებით, გადახდისუუნარობის პროცედურების გაუმჯობესებით, ასევე კორპორატიული მართვის სტანდარტების დანერგვის მიმართულებით, განსაკუთრებით სახელმწიფო საწარმოების მხრივ.

მზარდია სამუშაო ძალის უნარების აცდენა ბიზნესის საჭიროებებთან მიმართებით, რაც ქვეყანაში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად იქცა. სამუშაო ძალის უნარების გასავითარებლად, ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს განათლების სისტემაში არსებულ სისუსტეებს. უნდა გაძლიერდეს ტექნიკური და IT განათლების და პროფესიული გადამზადების სისტემები. საქართველოში პროდუქტიულობის ზრდისთვის ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება იყოს მიქცეული მოქალაქეთა ფართო ფენების ეკონომიკური ჩართულობის საკითხების მიმართ, მათ შორის გენდერული თვალსაზრისით არსებულ არათანაბარ მდგომარეობასა და რეგიონული თვალსაზრისით არსებულ განსხვავებებს.

ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება განამტკიცებს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის ასევე კორპორაციების მედეგობას და კონკურენტუნარიანობას.

საქართველოს საბანკო სექტორი არის კარგად მართული და რეგულირებული, ასევე მას აქვს კაპიტალის ადეკვატური დონე და გამოირჩევა მომგებიანობით. მთლიანობაში სექტორი ეკონომიკის რეალურ სექტორებს დაფინანსებას ეფექტიანად აწვდის, თუმცა დოლარიზაცია მაღალ ნიშნულზეა, რაც საბანკო სფეროს კრიზისებისადმი და გაცვლითი კურსის მერყეობისადმი მოწყვლადს ხდის. მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესები, განსაკუთრებით კი რეგიონებში არსებული ბიზნესები ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემებს აწყდებიან, ხოლო ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განუვითარებლობა კი კორპორაციების განვითარებას აფერხებს.

საქართველო, როგორც ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მუდმივად ცდილობს გლობალურ ბაზრებში ექსპორტის მეშვეობით ინტეგრირებას. ამ მხრივ, საქართველოს ექსპორტის დივერსიფიკაცია და მათ შორის უფრო მეტად დამატებული ღირებულების მქონე პროდუქციის ექსპორტზე აქცენტის გაკეთება ქვეყანაში კეთილდღეობის ზრდის ერთ-ერთი უმოკლესი გზაა. ევროკავშირთან არსებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) უპირატესობების გამოსაყენებლად არაერთი გამოწვევა უნდა იქნეს გადაჭრილი.

უცხოურმა ინვესტიციებმა შესაძლოა შეასრულონ ევროპული ბაზრების ათვისების ფასილიტაციის როლი, თუკი FDI-ით შექმნილი ახალი პროექტების დაღმავალი ტრენდი შეიცვლება. საქართველოს კონკრეტული სექტორები ინვესტორებს ფართო სპექტრის შესაძლებლობებს სთავაზობენ, თუმცა უნდა იქნეს გადაჭრილი გამოწვევები, რომლებიც მეხუთე თავშია ჩამოთვლილი, რათა ამ პოტენციალის რეალიზაცია მოხდეს. ციფრული და ფიზიკური ლოგისტიკის და ინფრასტრუქტურის განვითარება კვლავ რჩება საგარეო კონკურენტუნარიანობის ამაღლების ერთ-ერთ წინაპირობად.

... მთლიანობაში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, უკანასკნელ წლებში რეფორმების პროცესი შენელდა. მნიშვნელოვანი გამოწვევები საჭიროებს გადაჭრას, განსაკუთრებით სასამართლო სისტემის რეფორმის და კანონის უზენაესობის მიმართულებით,” - ნათქვამია დოკუმენტში.