მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხარვეზები იყო, შესაძლოა - შეცდომებიც" - დიმიტრი ხუნდაძე covid-თან ბრძოლას აფასებს

60192295e2c7e
ინგა მურუსიძე
02.02.21 14:00
924
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ქვეყანაში ხარვეზები იყო და შესაძლოა - შეცდომებიც, მაგრამ ამის გარეშე არცერთ ჩვენზე ძლიერ ქვეყანას არ გაუვლია ერთი წელი.

დეპუტატმა განცხადება გააკეთა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და covid-19-თთან ბრძოლის ერთი წელი შეაფასა.
მისი თქმით, საქართველო გამოწვევებს კარგად უმკლავდება, თუმცა ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა.

დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც დღემდე მოქმედებს და ძალიან რთულ პროცესს მართავს, სიტუაციას კარგად უმკლავდება.

„პანდემიის დასაწყისში ცოდნა-გამოცდილება ნაკლები იყო და შესაბამისად, მეტი იყო უარესის მოლოდინი. დღეს გამოცდილება მეტია, თუმცა გამოწვევაც არ დასრულებულა. კვლავ პანდემიის რეჟიმში ვცხოვრობთ. მიუხედავად ჩვენი ოპონენტების მხრიდან, მუდმივად იმაზე საუბრისა, რომ ჯანდაცვის სისტემა ჩამოიშალა, მაქსიმალურად გადატვირთულობის დროსაც კი მხოლოდ ხარვეზები ფიქსირდებოდა და არცერთი მოქალაქე ან პაციენტი მკურნალობის გარშე არ დარჩენილა. ხარვეზები იყო, შესაძლოა - შეცდომებიც, თუმცა ამ რთულ მდგომარეობაში ამის გარეშე ვერც იქნებოდა. არცერთი შემთხვევა უყურადღებოდ არ დარჩენილა და უწყებათშორისი საბჭო მუდმივად ცდილობს ხარვეზები აღმოფხვრას, მაგრამ ზიანის გარეშე ვერ შევძელით გამოსვლა, ეს ვერ შეძლო ჩვენზე ძლიერმა ქვეყნებმაც“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატის თქმით, მთავრობას პროცესი თანმიმდევრულად რომ არ ემართა, დანაკარგი გაცილებით მეტი იქნებოდა ვიდრე ახლა არის. მან ამ პროცესში მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, რომლებიც მიუხედავად შეზღუდვების სიმძიმისა, წესებს ემორჩილებიან.

ასევე, უმრავლესობის წევრმა ოპოზიციური პარტიებიდან პოლიტიკოსები გააკრიტიკა, რომლებიც მისი თქმით, „ცდილობენ მძიმე სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმონ და მოუწოდებენ ხალხს, ქუჩაში გამოვიდნენ, დაუმორჩილებლობა გამოაცხადონ, რაც პანდემიის მართვის არცერთ წესს არ ესადაგება“.

უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი ხუნდაძემ ვაქცინაციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ გეგმა უკვე არსებობს, ხოლო ამ გეგმის თანახმად, ქვეყანა ვაქცინაციისთვის სრული რესურსით მზად არის. დეპუტატის თქმითვე, საჭიროა, საინფორმაციო კამპანია, რომ მოქალაქეებში ვაქცინაციისადმი უსაფუძვლო შიში გაქრეს.

„საზოგადოების ვაქცინაცია ნიშნავს ეკონომიკის ვაქცინირებას, შეზღუდვების სწრაფ მოხსნას და ქვეყნის განვითარების უსწრაფეს რეაბილიტაციას - ეს უნდა გვესმოდეს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.