მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველა ქვეყანას აქვს თავისი სტრატეგია" - ქეთი ბოჭორიშვილს ეკონომიკის გახსნის წარმატებულ მაგალითად დუბაი მოჰყავს

60995eac32480
თამთა ჯიჯავაძე
10.05.21 23:40
701
როგორ გავხსნათ ტურიზმი და აღვადგინოთ ეკონომიკა? - ამ საკითხზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილე, ქეთი ბოჭორიშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა. მისი თქმით, ყველა ქვეყანას აქვს თავისი სტრატეგია და საქართველომ არ უნდა მიბაძოს მაგალითად გერმანიას ან საფრანგეთს, თუმცა, უნდა შეიმუშავოს საკუთარი გეგმა.

„პატარა ქვეყნის უპირატესობა ისაა, რომ უფრო მარტივად შეგიძლია დაფარო მთელი ქვეყანა ვაქცინაციის კუთხით. ჩვენ თუ გვინდა რომ მივიღოთ ტურისტები და გარკვეულწილად ძველ დროს დავუბრუნდეთ, ვაქცინაცია ამისთვის არის უპირველესი“, - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.

მან გაერთიანებული არაბთა საამიროების მაგალითი მოიყვანა, სადაც ტურიზმის სექტორი გამოცოცხლებული და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია პანდემიის პერიოდში.

„რა მოხდა საამიროებში? ამ ქვეყანამ შეძლო მოსახლეობის ვაქცინაციის მაღალი პროცენტულობის მიღწევა და გახსნა ეკონომიკა საერთაშორისო მოგზაურებისთვის. თუ მსოფლიოში საშუალოდ სასტუმროების დატვირთულობა არის 37%, საამიროებში ეს მაჩვენებელი 58%-ია, რაც საკმაოდ მაღალია იმ ვითარებაში, რაც ახლა მსოფლიოშია შექმნილი, კერძოდ, 75%-თაა შემცირებული საერთაშორისო მოგზაურობა. თუმცა, საამიროებმა და კონკრეტულად დუბაიმ მოახერხა მთელი მსოფლიო ტურისტების თავისთან ჩაყვანა. ამის შედეგად გაიზარდა ინვესტიციებიც. გაიზარდა მოთხოვნა ყველაფერზე. ეს გამოწვევები მათ გადააქციეს შესაძლებლობებად. ის ხალხიც, ვინც ადრე არ ჩადიოდა დუბაიში ან ჩადიოდა 1-2 დღით, ახლა ჩადის უფრო დიდი ხნით“, - აღნიშნა ქეთი ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ვაქცინაცია არ ნიშნავს იმას, რომ ყველა რეგულაციაზე უარი უნდა ვთქვათ, უნდა დარჩეს მაგალითად პირბადის გამოყენება კვლავ ძალაში, როგორც ეს დუბაიშია.