საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა ქართულმა ბიზნესმაც აქტიურად მიიღოს.
„რამდენადაც ვიცი, ქართული კომპანიებიდან წელს არავინ იყო წარმოდგენილი, რაც ნამდვილად დასანანია“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საუბრისას, სადაც თავად “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” ახალგაზრდა გლობალური ლიდერის სტატუსით მონაწილეობდა.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე მიიჩნევს, რომ დავოსის ფორუმი არის უნიკალური შესაძლებლობა, სადაც მინიმუმ მონაწილეობა უნდა მიიღო და თუ საშუალება მოგეცემა, პანელურ დისკუსიებშიც ჩაერთო.
- ვთვლი, რომ უმნიშვნელოვანესია, დავოსის ფორუმზე ქვეყანა წარდგეს, როგორც - სამთავრობო, ისე კერძო კომპანიების დონეზე. მესმის, რომ ეს ცოტა ძვირია, ცოტა რთულია, მაგრამ იქ იკრიბებიან გლობალური ლიდერები და ყველასთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის წარმოჩენა. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ქართული ბიზნესიდან წელს არავინ იყო წარმოდგენილი; იყო წლები, როდესაც რამდენიმე ქართული კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის - სახელმწიფო, მაგალითად, საქართველოს რკინიგზა; ასევე, თანაინვესტირების ფონდი. თუმცა წელს არავინ იყო, რაც ნამდვილად დასანანია. ვფიქრობ, საქართველოში არის რამდენიმე მსხვილი კომპანია, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მიიღოს მონაწილეობა და ქვეყნის წარმოჩენაში თავისი წვლილი შეიტანოს.
- რა შეიძლება ყოფილიყო ბიზნესის პასიურობის მიზეზი, თან როცა შარშან საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, რაზედაც დადებით მოლოდინებს ამყარებენ...
- წელს, რა თქმა უნდა, უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდა საქართველოს, რომ დავოსის ფორუმზე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით წარმდგარიყო და ეს ჩვენი მიღწევა თვალსაჩინო გაგვეხადა ყველასთვის; მერწმუნეთ, მთელი მსოფლიო აკვირდება და ეძებს ახალ საინვესტიციო ადგილებს. მიუხედავად გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გაურკვევლობისა, დავოსში ნათლად დავინახე, რომ კომპანიები მაინც ოპტიმისტურად არიან განწყობილი; ყველა ეგუება იმ ტურბულენტობას, რაც არის მსოფლიოში, მაგრამ მოქნილები არიან და საინვესტიციო გადაწყვეტილებებსაც იღებენ. ისინი საუბრობდნენ და განიხილავდნენ, როგორ აპირებენ ინვესტიციების განხორციელებას შემდეგი კვირების განმავლობაში, არათუ - თვეების და წლების. ამდენად, კერძო კომპანია კერძო კომპანიასთან უფრო მარტივად პოულობს სასაუბრო თემას, უფრო მარტივად ხედავს პოტენციალს და შესაბამისად, ვთვლი, რომ ქართული კომპანიები დავოსის თუ მსგავს ეკონომიკურ ფორუმებზე უნდა წარდგნენ; რა თქმა უნდა, მხოლოდ მონაწილეობა არაა საკმარისი. იქ მუშაობაა საჭირო. დიდი მნიშვნელობა აქვს ფორუმების სპეციფიკაზე ყურადღების გამახვილებას - სად როგორ უნდა მიიღო მონაწილეობა, შეიძლება, თავიდან არც ღირდეს დიდი ღონისძიებების გამართვა და ა.შ. პირველივე ჯერზე, კალათაში ვაშლები არ ჩაიყრება.
- ალბათ თბილისიდან უნდა დაიწყო მუშაობა და შეარჩიო ის კომპანიები, რომელთა საქართველოთი დაინტერესება შესაძლებელია...
- რა თქმა უნდა. კონტაქტები უნდა გქონდეს და ის ხალხი დაპატიჟო, ვინც ნამდვილად მოვა შენ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე... მეგობრების და საჭირო კონტაქტების დაგროვება ერთ დღეში არ ხდება. ამას სჭირდება გრძელვადიანი ხედვა და მუშაობა.