„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის აზრით, საქართველოს მთავრობის ყველა ნაბიჯი და ქმედება ევროკავშირთან დაახლოებისკენ არ იყო მიმართული, რისი დასტურიც არის ევროკომისიის ცხრა ახალი დათქმა. „შეიძლება, 24 საათი მუშაობდნენ, მაგრამ ვფიქრობ, ხელისუფლების ყველა ნაბიჯი, საქმიანობა ევროკავშირთან დასაახლოებლად არ იყო გადადგმული“, - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“. ყოფილ პარლამენტარს მიაჩნია, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციის გაცემა ქართველი ხალხის და გეოპოლიტიკური ფაქტორების დამსახურებაა.
- ფაქტია, ევროკავშირის 12 რეკომენდაცია სრულად ვერ შევასრულეთ, მაგრამ ზაფხულისგან განსხვავებით, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე მაინც დადებითი რეკომენდაცია გასცა, თუმცა ცხრა ახალი დათქმით. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საკითხს ევროკომისიამ უფრო გეოპოლიტიკურ ჭრილში შეხედა?
- ვფიქრობ, ევროკავშირი უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში უყურებს საქართველოს. ის ხედავს, რომ რიგი არადემოკრატიული მოვლენები თუ პროცესები მაინც ეპიზოდია ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში და ასეთი ისტორიები სხვა ქვეყნებსაც ჰქონიათ - გავიხსენოთ სლოვაკეთის მაგალითი 90-იან წლებში, როცა ქვეყანას უკუსვლა ჰქონდა, მაგრამ შემდეგ გაწევრიანდა ევროკავშირში. ამდენად, ვფიქრობ, ევროკავშირი თავისი პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს, რადგან ჩათვალეს, რომ ევროპა არის თბილისიდან ლისაბონამდე და ჩრდილოეთის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე; ეს ევროპული გეოგრაფია მოხაზულია. საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით კიდევ ერთხელ მოგვეცა შანსი მიუხედავად იმისა, რომ 12 რეკომენდაცია სრულად ვერ შევასრულეთ; ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ სანამ რეფორმებს, რომლებიც უკვე ცხრა ახალ დათქმაში გაიწერა, სრულად არ გავატარებთ, EU-ში გაწევრიანების რეალურ პროცესს ვერ დავიწყებთ.
- და გვექნება სტატუსი რეფორმების გარეშე, რომელიც იგივეა, რაც დიპლომი განათლების გარეშე - როგორც „ღია საზოგადოების ფონდის“ მკვლევარმა ვანო ჩხიკვაძემ ხატოვნად თქვა?
- დიახ. კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მნიშვნელოვანია, მაგრამ რეალური ცვლილებების გარეშე, სტატუსი დარჩება სტატუსად და ჩვენ წინ ვერ წავალთ. რეფორმების გარეშე, თუ შენ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში არ მოიყვანე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური თუ ლოგისტიკურ-ინფრასტრუქტურული სისტემა, ევროკავშირში გაწევრიანება ტექნიკურადაც შეუძლებელია.
- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ „ბოლო ერთი წლის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე".... ეთანხმებით?
- შეიძლება, 24 საათი მუშაობდნენ, მაგრამ ვფიქრობ, ხელისუფლების ყველა ნაბიჯი, საქმიანობა ევროკავშირთან დასაახლოებლად არ იყო გადადგმული და რიგი ქმედებები პროცესს ხელს უშლიდა. მაგალითად, აგენტების შესახებ ე.წ. რუსული კანონის მიღების მცდელობა, რომელიც ევროკომისიის ანგარიშშიც გაკრიტიკებულია...
- თქვენ იყავით „ოცნების“ გუნდის წევრი... როგორ ფიქრობთ, რატომ იქცეოდა მმართველი ძალა ასე?
- სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს - შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ამ ფორმით ძალაუფლებას ეჭიდებოდნენ. მთავარი რა არის? - ძალაუფლების შტოები უნდა იყოს გადანაწილებული და დაბალანსებული, ამიტომაც სასამართლოს და პროკურატურის დამოუკიდებლობა არის ფუნდამენტი - ამის გარეშე დემოკრატიული სახელმწიფო ვერ შედგება და თუ არ ხარ დემოკრატიული სახელმწიფო, შენი ადგილი არ არის ევროკავშირში.
- ანუ რა გამოდის - რომ არა მოქალაქეების დიდი პროტესტი, მთავრობა მზად იყო, თავისი ძალაუფლების შენარჩუნებას გადაეყოლებინა ქვეყნის ევროპული მომავალი?
- ეს იქნებოდა სამოქალაქო სექტორის დასამარების კანონი... ფაქტია, ქართული საზოგადოების, ახალგაზრდების გულწრფელმა პროტესტმა შეაჩერა ეს პროცესი; ასევე, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას არ ეხმარებოდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა იმის გამო, რომ ის ევროპის ქვეყნებში დადიოდა და ევროპელ ლიდერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე ესაუბრებოდა და თუნდაც გარკვეულწილად აკრიტიკებდა ხელისუფლებას... ეს ყველაფერი და ანტიდასავლური რიტორიკა ნამდვილად არ აჩვენებს იმას, რომ მთავრობის ყველა ქმედება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად იყო მიმართული.
- მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების მიზეზით დგამდა ამ ნაბიჯებს „ქართული ოცნება“? საგარეო პოლიტიკური ვექტორი გაასწორეთო - ფაქტობრივად, ახალ ცხრა დათქმაში ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ეს არის...
- იცით, მე ძალიან გამიჭირდება ვთქვა, რომ ეს არის რუსეთის მიერ... როგორც ხშირად ოპოზიციის მხრიდან არის წარმოჩენილი; ამის პირდაპირი გამეორება რთულია, რადგან ცოტათი მეტი მტკიცებულება სჭირდება და დაჯერებაც მიჭირს, ვინაიდან, როცა მე იქ <ქართულ ოცნებაში?> ვიყავი, მსგავსი სიგნალები არ მქონდა, თუმცა პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე, ვფიქრობ, შეიძლება, რაღაც გარკვეული კავშირები ჰქონდეთ, რათა გადაიზღვიონ თავი შესაძლო მარცხისგან. ვფიქრობ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკის მთავარი მიზეზი იყო არა ის, რომ საქართველომ სუვერენული სანქციები არ დაუწესა რუსეთს, არამედ ის, რომ სამწუხაროდ, საქართველომ აირჩია გზა და ცდილობს შეავსოს ის ეკონომიკური ვაკუუმი, რომელიც რუსეთში ევროპული სანქციებიდან გამომდინარე შეიქმნა; ეს ძალიან ცუდად ჩანს იმ ქვეყნების მხრიდან, ვინც რუსეთს სანქციები დაუწესა.
- თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ევროპელი პარტნიორები რუსეთისთვის ეროვნული სანქციების დაწესებას არ გვთხოვდნენ...
- დიახ, მაგრამ არც იმას გვთხოვდნენ, რომ ჩვენ შეგვევსო ის სიცარიელე... პირობითად, თუ შემცირდა რუსეთში ფრანგული ღვინო, ჩვენ ქართული ღვინით არ უნდა გავავსოთ რუსული ბაზარი; ღვინო არაა სანქცირებულ პროდუქციას შორის, უბრალოდ, ფრანგები, იტალიელები გამოვიდნენ რუსული ბაზრიდან და საქართველომ კი, გაზარდა ღვინის მიწოდება...
- ევროპას ესმის საქართველოს მდგომარეობაც, რომ შეიძლება არ გვქონდეს ფუფუნება, უარი ვთქვათ რუსეთთან ვაჭრობაზე...
- მესმის, მაგრამ როდესაც ჩვენ პარტნიორ ქვეყანაში არის ომი, რომელიც დაიწყო საქართველოს ოკუპანტმა ქვეყანამ და ჩვენ ვსარგებლობთ ამ მომენტით და ვიღებთ გარკვეულ ეკონომიკურ ბენეფიტებს, მესმის, რომ ქვეყანაში მძიმეა სიტუაცია და ხალხის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გარკვეული მომენტის გამოყენება აუცილებელია, მაგრამ არც ისეთი პირდაპირი კავშირი აქვს ამ სიკეთეებს მათთვის, ვისი სახელითაც ეს კეთდება; სწორედ ამ ეკონომიკური პოლიტიკის გამო, მოსახლეობა უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან შემოსავლები გარკვეული ჯგუფისთვის კი გაიზარდა, მაგრამ არა - ყველასთვის; გასაგებია, რომ სავალუტო ნაკადები გაიზარდა, ლარი გამყარდა და ა.შ. მაგრამ მეორე მხრივ, ინფლაცია გაიზარდა და 1000-ლარიანი ხელფასის მქონე მოქალაქისთვის, როცა ვაშლი 5 ლარი ღირს, ეს შემოსავალი არაფერს ნიშნავს. მოკლედ, იმ დროს, როცა მთელი მსოფლიოს ცდილობს, რუსეთთან ვაჭრობა მინიმუმადე დაიყვანოს და სტრატეგიული პროდუქტების გარდა, ყველაფერზე უარს ამბობენ, ჩვენ ვზრდით ეკონომიკური კავშირს. ვფიქრობ, ეს არასწორია და პარტნიორებმაც ნეგატიურად აღიქვეს.
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ამ პოლიტიკის რისკებს ვერ ხედავენ? - თქვენ ხომ იცნობთ ამ გუნდის წევრებს...
- მიჭირს თქმა... რაც მე დავტოვე ეს გუნდი, მას შემდეგ შინაარსობრივადაც შეიცვალა და მიჭირს დავინახო ის ლოგიკა, რომლითაც დღეს მოქმედებენ. ჩვენ ხომ ჩვენ თავზე გამოვცადეთ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებლების გაზრდა რამდენად საფრთხის შემცველია თუნდაც ტრადიციული ქართული მეღვინეობისთვის?! ამდენად, როცა ყველა ზურგს აქცევს რუსეთს და მისი ეკონომიკა ძალიან მყიფე ხდება, მასზე მიბმა და სტრატეგიის აგება, ძალიან არასწორი იქნება.
- და მაინც, პრორუსულია საქართველოს მთავრობა თუ უბრალოდ, დღევანდელი დღით მოქმედებს?
- შეიძლება, ვცდებოდე, მაგრამ ეს არის უფრო ბალანსის პოლიტიკა, რომ როდესაც დასავლეთიდან მწვავე კრიტიკა მოდის, ისინი ცდილობენ დააბალანსონ რუსეთან ურთიერთობით და ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით დაიცვან თავი და რაღაც რესურსები ჰქონდეთ, მაგრამ ეს არაა გზა დემოკრატიისკენ.
- როგორ ვაიძულოთ საქართველოს მთავრობა, განახორციელოს რეფორმები - ვის რა წვლილი გვაქვს ამ პროცესში?
- ვფიქრობ, პოლიტიკურ ოპოზიციას აქვს მნიშვნელოვანი წვლილი, რომ იყვნენ უფრო მეტად კონცენტრირებულები საკითხებზე და არა ზოგად პოლიტიკურ ბრძოლაზე. ეს შეფასება ყველას არ ეხება, მაგრამ სამწუხაროდ, პოლიტიკური დებატების ძირითადი ფონი არის ზედაპირული და ხალხი საერთოდ ვერ ხედავს ამ პროცესში საკუთარ თავს და ინდიფერენტული ხდება. რაც შეეხება საზოგადოების როლს, მესმის, რომ მოქალაქეთა ჯგუფი სულ თვითორგანიზებული ვერ იქნება, მაგრამ კრიტიკულ მომენტში ის ყოველთვის გამოთქვამს საკუთარ აზრს პროტესტის თუ დემონსტრაციის ფორმით.
- „მომდევნო 5 კვირა იქნება უმნიშვნელოვანესი“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ. თქვენი აზრით, რა უნდა ვაჩვენოთ თუ დავუმტკიცოთ ევროკავშირის ქვეყნებს ამ დროში, რომ კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ მტკიცე „კი“ გვითხრას?
- ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნებოდა, უკიდურესად დაპირისპირებულ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორისაც კი, გარკვეული საერთო პლატფორმა არსებობდეს. „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მოსწონთ თუ არა ერთმანეთი, უნდა ესმოდეთ, რომ იმ მოქალაქეების წარმომადგენლები არიან, ვინც ისინი აირჩია და მათი ვალდებულებაა, ერთმანეთთან ისაუბრონ ქვეყნის ინტერესებისთვის; დეპოლარიზაციის გარეშე ევროკავშირის გზის გავლა წარმოუდგენელია.