„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის აზრით, „ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა ნამდვილად არ აჩვენებს იმას, რომ მთავრობის ყველა ქმედება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად იყო მიმართული“. ამის შესახებ დიმიტრი ცქიტიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადების კომენტირებისას თქვა, რომლის თანახმად, მთავრობა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 12 რეკომენდაციის შესრულებაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობდა. „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა აგენტების შესახებ ე.წ. რუსული კანონის მიღების მცდელობა, რომელიც ევროკომისიის ანგარიშშიც გაკრიტიკებულია.
- მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების მიზეზით დგამდა ამ ნაბიჯებს „ქართული ოცნება“? ევროკომისიის რეკომენდაციაა, საქართველოს მთავრობამ საგარეო პოლიტიკური ვექტორი ევროკავშირისას დაუახლოოს...
- ძალიან გამიჭირდება ვთქვა, რომ ეს არის რუსეთის მიერ... როგორც ხშირად ოპოზიციის მხრიდან არის წარმოჩენილი; ამის პირდაპირი გამეორება რთულია, რადგან ცოტათი მეტი მტკიცებულება სჭირდება და დაჯერებაც მიჭირს, ვინაიდან, როცა მე იქ <ქართულ ოცნებაში?> ვიყავი, მსგავსი სიგნალები არ მქონდა, თუმცა პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე, ვფიქრობ, შეიძლება, რაღაც გარკვეული კავშირები ჰქონდეთ, რათა გადაიზღვიონ თავი შესაძლო მარცხისგან. ვფიქრობ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკის მთავარი მიზეზი იყო არა ის, რომ საქართველომ სუვერენული სანქციები არ დაუწესა რუსეთს, არამედ ის, რომ სამწუხაროდ, საქართველომ აირჩია გზა და ცდილობს შეავსოს ის ეკონომიკური ვაკუუმი, რომელიც რუსეთში ევროპული სანქციებიდან გამომდინარე შეიქმნა; ეს ძალიან ცუდად ჩანს იმ ქვეყნების მხრიდან, ვინც რუსეთს სანქციები დაუწესა.
- თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ევროპელი პარტნიორები რუსეთისთვის ეროვნული სანქციების დაწესებას არ გვთხოვდნენ...
- დიახ, მაგრამ არც იმას გვთხოვდნენ, რომ ჩვენ შეგვევსო ის სიცარიელე... პირობითად, თუ შემცირდა რუსეთში ფრანგული ღვინო, ჩვენ ქართული ღვინით არ უნდა გავავსოთ რუსული ბაზარი; ღვინო არაა სანქცირებულ პროდუქციას შორის, უბრალოდ, ფრანგები, იტალიელები გამოვიდნენ რუსული ბაზრიდან და საქართველომ კი, გაზარდა ღვინის მიწოდება...
- ევროპას ესმის საქართველოს მდგომარეობაც, რომ შეიძლება არ გვქონდეს ფუფუნება, უარი ვთქვათ რუსეთთან ვაჭრობაზე...
- მესმის, მაგრამ როდესაც ჩვენ პარტნიორ ქვეყანაში ომია, რომელიც დაიწყო საქართველოს ოკუპანტმა ქვეყანამ და ჩვენ ამ მომენტით ვსარგებლობთ და გარკვეულ ეკონომიკურ ბენეფიტებს ვიღებთ, მესმის, რომ ქვეყანაში მძიმეა სიტუაცია და ხალხის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გარკვეული მომენტის გამოყენება აუცილებელია, მაგრამ არც ისეთი პირდაპირი კავშირი აქვს ამ სიკეთეებს მათთვის, ვისი სახელითაც ეს კეთდება; სწორედ ამ ეკონომიკური პოლიტიკის გამო, მოსახლეობა უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან შემოსავლები გარკვეული ჯგუფისთვის კი გაიზარდა, მაგრამ არა - ყველასთვის; გასაგებია, რომ სავალუტო ნაკადები გაიზარდა, ლარი გამყარდა და ა.შ. მაგრამ მეორე მხრივ, ინფლაცია გაიზარდა და 1000-ლარიანი ხელფასის მქონე მოქალაქისთვის, როცა ვაშლი 5 ლარი ღირს, ეს შემოსავალი არაფერს ნიშნავს. მოკლედ, იმ დროს, როცა მთელი მსოფლიოს ცდილობს, რუსეთთან ვაჭრობა მინიმუმადე დაიყვანოს და სტრატეგიული პროდუქტების გარდა, ყველაფერზე უარს ამბობენ, ჩვენ ვზრდით ეკონომიკური კავშირს. ვფიქრობ, ეს არასწორია და პარტნიორებმაც ნეგატიურად აღიქვეს.
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ამ პოლიტიკის რისკებს ვერ ხედავენ? - თქვენ ხომ იცნობთ ამ გუნდის წევრებს...
- მიჭირს თქმა... რაც მე დავტოვე ეს გუნდი, მას შემდეგ შინაარსობრივადაც შეიცვალა და მიჭირს დავინახო ის ლოგიკა, რომლითაც დღეს მოქმედებენ. ჩვენ ხომ ჩვენ თავზე გამოვცადეთ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებლების გაზრდა რამდენად საფრთხის შემცველია თუნდაც ტრადიციული ქართული მეღვინეობისთვის?! ამდენად, როცა ყველა ზურგს აქცევს რუსეთს და მისი ეკონომიკა ძალიან მყიფე ხდება, მასზე მიბმა და სტრატეგიის აგება, ძალიან არასწორი იქნება.
- და მაინც, პრორუსულია საქართველოს მთავრობა თუ უბრალოდ, დღევანდელი დღით მოქმედებს?
- შეიძლება, ვცდებოდე, მაგრამ ეს არის უფრო ბალანსის პოლიტიკა, რომ როდესაც დასავლეთიდან მწვავე კრიტიკა მოდის, ისინი ცდილობენ დააბალანსონ რუსეთთან ურთიერთობით და ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით დაიცვან თავი და რაღაც რესურსები ჰქონდეთ, მაგრამ ეს არაა გზა დემოკრატიისკენ.