მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შეუძლებელია ამდენი ადამიანი ერთ აზრზე იყოს“ - ექს-დეპუტატი მოქმედ პარლამენტს აფასებს

644918ce1012b
თელარა გელანტია
27.04.23 09:00
685
2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტის წევრის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის ნოდარ ებანოიძის შეფასებით, მაშინდელი პარლამენტი ბევრად მრავალფეროვანი და ჯანსაღი იყო, ვიდრე - მოქმედი.

ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობის შეფასებისას განაცხადა.

„ვფიქრობ, 2012-216 წლების პარლამენტი, თავისი შემადგენლობით, მრავალფეროვნებით, გამორჩეული იყო და დღევანდელ მოცემულობას ვერც შეადარებ. იქ უფრო მეტი პოლემიკა და რაღაც საკითხებზე დათმობა იყო. მოქმედ დეპუტატებს კი, როცა უუყურებ და უსმენ, ფაქტობრივად, განსხვავებული აზრი აღარ აქვთ. შეუძლებელია ამდენი ადამიანი ერთ აზრზე იყოს. გამოდის, რომ მთელი დანარჩენი სამაყარო, სადაც სხვადასხვა აზრია, ვერ აზროვნებს. მე ვერც წარმომედგინა ასეთი რამე, რადგან უფრო იმის მოლოდინი მქონდა, რომ შემდეგი და შემდეგი პარლამენტი ბევრად მრავალფეროვანი იქნებოდა, სადაც მეტი დისკუსია გაიმართებოდა.

თქვენ გახსოვთ, როგორ შედგა 2012 წელს „ქარული ოცნების“ კოალიცია - სხვადასხვა პარტია ვიყავით, არაერთგვაროვანი ჯგუფები. ჩვენ ძირითად საკითხებზე შევთანხმდით, რაც მაშინ გვაერთიანებდა, მაგრამ სხვა მხრივ თავისუფლება გვქონდა. მაგალითად, როდესაც „თავისუფალი დემოკრატები“ გავიდნენ კოალიციიდან და უმრავლესობამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემადგენლობაში ცვლილებები განიზრახა, მე ვთქვი ხმამაღლა, რომ კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარის - დავით ონოფრიშვილის გადაყენებას მხარს არ დავუჭერდი, რადგან ის იქ ყველაზე კვალიფიციური ადამიანი იყო... განსხვავებული აზრის დაფიქსირება მაშინ ჩვეულებრივი მოვლენა იყო“, - ამბობს ყოფილი დეპუტატი.

„წერტილთან“ ინტერვიუში ნოდარ ებანოიძემ შეაფასა აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ მმართველი ძალის განცხადებები და ქმედებებიც - ხელი შეუშალოს ოპოზიციის ინიციატივას, შეიქმნას დროებითი საგამოძიები კომისია.

“ეს არის ამომრჩევლის დაუფასებლობაა ანუ თვლი, რომ ამომრჩეველი ისეთი დაბალი დონისაა, რომ შეგიძლია ასე იმოქმედო და თან კიდევ იმის იმედი გქონდეს, რომ არჩევნებზე ხმას მოგცემენ... წარმოუდგენელია არჩვენებზე ხმა მივცე პარტიას, რომელიც ასე ექცევა ამომრჩეველს” - თქვა ნოდარ ებანოიძემ.

წამყვანის კითხვაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის როლს შეეხებოდა, ყოფილმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში მაშინაც მონაწილეობდა და რთულია იმის დაჯერება, რომ პროცესებში ახლა არ ერევა.

„ეს ხელი <ბიძინა ივანიშვილი> ასე რომ არ იყოს, შეუძლებელია, პროცესები ასე იმართებოდეს. შეუძლებელია, ასეთი იდეალური მშვიდობა იყოს შიგნითაც. ამის არათუ ეჭვი, რწმენა გიმტკიცდება. ამდენად, იქ სადაც დამოუკიდებელი ადამიანები არ აკეთებენ საქმეს, საქმე არ გამოდის“,- აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ ეს ეხება არა მხოლოდ პოლიტიკას, არამედ - ყველა სფეროს.

ყოფილი დეპუტატის აზრით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ დღეს ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები