06.თებერვალი .2020 13:47

"ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ანაკლიის პორტის ტენდერი ჩატარდეს დროულად, მაღალ დონეზე, გამჭვირვალედ“

views 191
უკან

„ანაკლიის პორტი ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი და ერთადერთი პროექტია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული. საქართველოს მთავრობიდან არსებობს ძალიან დიდი მზადყოფნა, რომ ფინანსურად, ქონებრივად - შესაბამისი მიწების გადაცემით, იურიდიულად და პოლიტიკურად მხარი დაუჭიროს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას“, - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელზეც საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ნათია თურნავამ ამ საკითხთან დაკავშირებით მედიასთან დეტალურად ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობაში არსებობს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ დაიწყოს პორტის პროექტის ხელახალი ტენდერი და მოზიდულ იქნას ახალი, უფრო წარმატებული ინვესტორი, რომელიც საბოლოო ჯამში, მთავრობასთან ერთად შეძლებს ამ მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებას.

სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლა, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ახალი ტენდერის ჩატარებას უკავშირდება. „ამის მთავარი მიზეზი და მიზანი არის ის, რომ ჩვენ დავიწყოთ მზადება ახალი ტენდერის გამოსაცხადებლად. მოგეხსენებათ, თავის დროზე, როდესაც გამოცხადდა ტენდერი ანაკლიის პორტის ასაშენებლად, სწორედ ეკონომიკის სამინისტრო იყო ის უწყება, რომელმაც ამ ტენდერის ორგანიზება გააკეთა და მის მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესი იყო. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია - ჩვენ თუ უნდა დავიწყოთ ტენდერისთვის ხელახლა მომზადება, მთავრობის გადაწყვეტილებით, ამაში ისევ ერთვება ეკონომიკის სამინისტრო“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ტენდერი დროულად და მაღალ დონეზე ჩატარდება - მთავრობა ამ პროცესში რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან თანამშრომლობას გეგმავს. „მე პირობას გაძლევთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ტენდერი ჩატარდეს დროულად, მაღალ დონეზე, გამჭვირვალედ, ისე, რომ ეს პირობები მიმზიდველი იყოს ინვესტორებისთვის. ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ხელშეკრულების გარკვეულ ინვენტარიზაციას, გავითვალისწინებთ მასში განხორციელებულ ყველა ცვლილებას ინვესტორის სასარგებლოდ. ასევე ჩვენი დიდი სურვილია, რომ ამ პროცესში ვითანამშრომლოთ რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, ვისთანაც, ზოგადად არსებობს კარგი გამოცდილება, საერთაშორისო ტენდერების მაღალ დონეზე ორგანიზებაში მთავრობის დახმარების კუთხით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.