მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი

635138900f6b2
თათია ჩაფიჩაძე
21.10.22 10:14
20811
მესტიაში მდებარე სასტუმრო „გისტოლას“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი ამბობს, რომ სვანეთის ზამთრის კურორტის გადაქცევისთვის უმთავრესი საკითხი გზაა. BMG-თან საუბრისას გურჩიანი ამბობს, რომ მინიმუმ 10-საათიანი გზის ფონზე, ტურისტების ნაკადების მოლოდინი ბიზნესს არ აქვს, მით უფრო რომ რეგიონში 2023 წლის ზამთრის სეზონისთვისაც პრობლემად რჩება ელექტროენერგიის და ინტერნეტის მიწოდებაც.

„ჩვენ კი ვემზადებით ზამთრის სეზონისთვის, მაგრამ ჯავშნები ჯერ ნამდვილად არ არის იმიტომ, რომ ძალიან ძნელია სვანეთის ზამთრის კურორტად გარდაქმნა. ავტობუსით კი 12 საათი უწევს ადამიანს თბილისიდან ჩასვლა, ქუთაისიდან 5 საათი, აქედან გამომდინარე სანამ ის გვირაბი არ გაკეთდება ქუთაისიდან, რომელიც დაპროექტებულია, მანამდე ძალიან ძნელია განვიხილოთ სვანეთი როგორც ზამთრის კურორტი. არცერთი უცხოური ტურისტული სააგენტოსთვის ამხელა გზაზე ტურის დაგეგმვა არ არის პრიორიტეტული. წარმოიდგინეთ 3 დღით რომ წავიდეს ადამიანი, ორი დღე გზაში უნდა იყოს.

სვანეთი რომ გადაიქცეს კურორტად, მას აქვს უზარმაზარი პოტენციალი თუ გაკეთდება ის გვირაბი, რომლის პროექტი დევს, თუმცა გაჩერებულია, ის რომ გაკეთდეს სახელმწიფოსგან ბიზნესს მერე აღარანაირი დახმარება აღარ დაჭირდება. თბილისელებიც ივლიან ისე როგორც გუდაურში. ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მაქსიმუმ 3სთ-ში იქნები მესტიაში, რაც მერე გახდება შვეიცარია.

გარდა ამისა, ელექტროენერგიის პრობლემა ახლაც არის, მაინერებიც არის, რის გამოც დაბალი ძაბვაა, ასევე ინტერნეტი არაა, არის მარტო მობილური ინტერნეტი, რომელიც ძალიან სუსტია", - განაცხადა ირაკლი გურჩიანმა.

აღსანიშნავია, რომ გურჩიანი ქუთაისის აეროპორტიდან სვანეთის მიმართულებით უმოკლესი გზის პროექტზე საუბრობს. აღნიშნულზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე 2017 წელს აცხადებდა, რომ საბოლოო ვარიანტი მთავრობას 2018 წელს უნდა წარდგენოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები