მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გუშინ თეთნულდის საბაგიროები გამორთული იყო, რადგან დენი არ გვქონდა“ - როგორ მიმდინარეობს სეზონი მესტიაში?

საბაგირო

სასტუმრო „გისტოლას“ დამფუძნებლის ირაკლი გურჩიანის თქმით, წელს სვანეთში 3-თვიან ჭრილში სასტუმროების დატვირთულობის საშუალო მაჩვენებელი 10%-ს არ აღემატებოდა.

კურორტი ტურისტებით მხოლოდ ფრირაიდის მსოფლიო ტურის დროს იყო დატვირთული, რომელიც მისი შეფასებით, მაღალ დონეზე ჩატარდა, თუმცა 3-დღიანი აქტივობებით ბიზნესს, სეზონის წარმატებით მიმდინარეობაზე საუბარი უჭირს.

„საქმიანი დილის“ ეთერში გურჩიანმა ინტერნეტისა და ელექტრო ენერგიის მიწოდების პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კურორტს დენი კვლავ მნიშვნელოვანი შეფერხებებით მიეწოდება.

„სვანეთმა უნიკალურ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, მთის კურორტებმა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა ფრირაიდის მსოფლიო ტური, რომელმაც დიდი გამოხმაურება პოვა მთელ მსოფლიოში. ბევრი ადამიანი იყო ჩამოსული და 300 მლნ უყურებდა პირდაპირ რეპორტაჟს თეთნულდის ტრასიდან, რაც სვანეთის პოპულარობისთვის უმნიშვნელოვანესია. 15 ქვეყნიდან 50 მონაწილე იყო ჩამოსული, ძირითადად ეს იყო ევროპა, ამერიკა, კანადა, ავსტრალია, იაპონია. პირადად ვესაუბრე ამ ტურის დამფუძნებელს და მითხრა, რომ მსგავსი ლანდშაფტი საერთოდ არ გვინახავსო. ეს ძალიან კარგია, თუმცა სახელმწიფომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს იგივე ამ რეგიონს. არ არის გაზი, გზა არის ძალიან ცუდი, არ არის ინტერნეტი. ქვის ხანა გვაქვს, მხოლოდ მობილურის ინტერნეტია და ახლა „გიზ-გიზზე“ რომ შეიკრიბა 200 კაცი და იღებდნენ ლაივებს, როგორც იტყვიან ქსელი საერთოდ „დაეკიდა.“დენი ძალიან ცუდად არის, დღეს 50-ჯერ ითიშება, მაგ. გუშინ თეთნულდის საბაგიროები იყო გამორთული იმიტომ, რომ დენი არ იყო“, - განაცხადა გურჩიანმა.

BMG-თან საუბრისას ბიზნესმენმა ქუთაისის აეროპორტიდან სვანეთის მიმართულებით უმოკლესი გზის პროექტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი შეფასებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის გარეშე მესტია სრულფასოვან კურორტად ვერ ჩამოყალიბდება.

„ზამთრის კურორტებს ძირითადად ტვირთავს თბილისი, მაქსიმუმ 10-15% იყოს საერთაშორისო ტურისტები. მაგრამ როდესაც იცი, რომ 8-9სთ გზაში უნდა იყო თბილისიდან, უბრალოდ არ წამოხვალ. საერთაშორისო აეროპორტიდან 2სთ-ზე მეტის გზა არ უნდა იყოს, ამ შემთხვევაში ამუშავდება მესტია, სხვა შემთხვევაში ზამთრის კურორტად ვერ ჩამოყალიბდება. ეს პროექტი თაროზეა ისე შემოდებული რომ ალბათ ვეღარც იპოვიან.

„გიზ-გიზის“ ფარგლებში ძალიან კარგი 3 დღე აჩუქეს მესტიას, მაგრამ ეს იყო უმეტესად ადგილობრივები, ცოტა იყო ტურისტი. 3-დღიანი დატვირთვები დიდ როლს არ თამაშობს. რომ დავაჯამოთ 3 თვიანი სეზონი, ალბათ დატვირთულობა იქნება 10%. არადა სვანეთი შეგვიძლია გავხადოთ საერთაშორისო დონის კურორტი, იმ დონის როგორიც არ იქნება არსად. ამას სჭირდება ის გვირაბი ქუთაისიდან, რომელიც გზას დაამოკლებს და შემდეგ არანაირი ინვესტიცია აღარ იქნება საჭირო. პირიქით, სახელმწიფო უზარმაზარ ინვესტიციას მიიღებს უკან გადასახადების სახით. ასეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვერანაირი ბიზნესი ვერ გააკეთებს, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება“, - აცხადებს ირაკლი გურჩიანი.

სვანეთმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს „გიზ-გიზს“ უმასპინძლა. გუდაურის შემდეგ ფესტივალი მესტიაში ჩატარდა.

„გიზ-გიზის“ ფარგლებში გაიმართა კონცერტები, ფესტივალის მუსიკალურ გაფორმებაზე ბენდებმა და დიჯეებმა იზრუნეს, მოეწყო სამეწარმეო ბაზარი, კვების სივრცეები, პერფორმანსები, თამაშები და გასართობი აქტივობები.

ფესტივალის მიზანი ზამთრის კურორტების პოპულარიზაცია და მეტი შიდა და უცხოელი ტურისტის მოზიდვაა. მესტიის შემდეგ ფესტივალი ბაკურიანში გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები