სვანეთი ამ ეტაპზე მაისი-ოქტომბრის კურორტია და ამ დროსაც კი, სასტუმროების დატვირთულობა მხოლოდ 60%-ს აღწევს. ამის შესახებ BM.GE-სთან მესტიაში სასტუმრო “გისტოლას” დამფუძნებელი, ირაკლი გურჩიანი საუბრობს.
მისი თქმით, სვანეთის ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისება ვერ მოხდება იქამდე, სანამ ქუთაისი-მესტიის გვირაბი არ აშენდება.
"წლევანდელი წელი, არ იყო კარგი. ივნისიც კი არ იყო დატვირთული. ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში იყო საშუალოდ 60%-იანი დატვირთულობა. ამის შემდეგ, იმდენად შემცირდა ტურისტული ნაკადი, რომ სასტუმროების დიდი ნაწილი დაიკეტა. რეალურად, ჩვენც არ გვყავს სტუმრები, მაგრამ სასტუმროს ვერ ვკეტავთ იმის გამო, რომ მერე კადრების ხელახლა მოძიება ძალიან რთულია. იძულებული ვართ ზარალზე გავიდეთ.
რეალურად, ახალ წელსაც არ მაქვს დიდი იმედები. შეიძლება, პირველი 10 დღე რაღაც დატვირთვა 30%-მდე იყოს. მერე აპრილის ბოლომდე არაფერია. მოკლედ, სანამ ქუთაისიდან მესტიაში დაგეგმილი გვირაბი არ გაკეთდება, სვანეთი ვერასოდეს იქცევა ზამთრის კურორტად. პირველი მიზეზი ესაა. ქუთაისიდანაც კი არსებული გზებით ძალიან შორია. ქუთაისიდან მესტიამდე გვირაბის პროექტირების ფული გადახდილია, პროექტი გამზადებული დევს, 2017 წელს უნდა დაწყებულიყო გვირაბის გათხრა და საშველი არ დაადგა. სახელმწიფოს სვანეთი არანაირ პრიორიტეტში არ უზის. აქედან გამომდინარე დიდი იმედის დამყარება ტურიზმზე გულუბრყვილობაა. ახლა სვანეთი მაისი-ოქტომბრის კურორტია. ეს გვირაბი სვანეთისთვის ყველა მხრივ გადარჩენაა.
საქართველოში ზამთრის კურორტებს ძირითადად თბილისი ტვირთავს და როგორც კი ეს გვირაბი გაკეთდება, თბილისიდან ნებისმიერ ადამიანს დაშვებული სიჩქარით შეეძლება 3-4 საათში იყო მესტიაში. რაც სრულად მისაღებია.
განსაკუთრებით შაბათ-კვირას, გუდაურში სათხილამურო ტრასებზე ადგილი არ არის იმდენი ხალხია. ამ დროს, ამხელა პოტენციალის რეგიონი აუთვისებელია", - განაცხადა გურჩიანმა bmg-სთან საუბრისას.
ინფორმაციისთვის, გურჩიანი ქუთაისის აეროპორტიდან სვანეთის მიმართულებით უმოკლესი გზის პროექტზე საუბრობს. აღნიშნულზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე 2017 წელს აცხადებდა, რომ საბოლოო ვარიანტი მთავრობას 2018 წელს უნდა წარდგენოდა. თუმცა, 2020 წლის 19 თებერვალს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, საავტომობილო გზების დეპარტამენტს შენიშვნებით უკან დაუბრუნა და ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა.