მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევებიის წინაშე დგას მესტიის ჰორეკა სექტორი? - ირაკლი გურჩიანის მოსაზრება

გისტოლა

სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა, რომელიც უცხოელ დამსვენებლებშიც შესამჩნევი პოპულარობით სარგებლობს. ამის მიუხედავად, მესტიის, და ზოგადად - სვანეთის, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები ბიზნესის განვითარებისას უამრავ წინაღობას აწყდებიან. ამ საკითხზე BM.GE-სთან მესტიაში სასტუმრო “გისტოლას” დამფუძნებელი, ირაკლი გურჩიანი საუბრობს, რომლის თქმითაც სვანეთში ტურისტების რაოდენობა შემცირებულია.

“ივნისსა და ივლისში ნახევრად ცარიელები ვიყავით, რატომღაც ტურისტები საერთოდ არ იყვნენ სვანეთში. აგვისტო-სექტემბერში სრული დატვირთვით ვმუშაობთ, თუმცა სეზონი უკვე კვდება და ახალი წლების შემდეგ, აპრილის ბოლომდე დატვირთულობა 5%-ც არ იქნება”, - აღნიშნავს ირაკლი გურჩიანი.

“გისტოლას დამფუძნებელი” სვანეთში ბიზნესის ოპერირებისათვის სამ მთავარ გამოწვევაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, გზების მოუწესრიგებლობაა.

“ზუგდიდიდან ამოსასვლელი გზა საერთოდ არ ვარგა. არადა ქუთაისიდან გვირაბის პროექტი 2016-17 წლებში უკვე მზად იყო, თუმცა თაროზე შემოიდო, რატომღაც. ქუთაისიდან გვირაბის გამოყვანა გზას საგრძნობლად შეამოკლებს და თბილისიდან მესტიამდე ამოსვლა 8-9 საათს აღარ წაიღებს. სწორედ მაშინ მიაღწევს სვანეთი ახალ სიმაღლეებს.

გვირაბის გაკეთება სახელმწიფოს ვალდებულებაა და მხოლოდ მას შეუძლია, პროექტი შეასრულოს. ბოლო პროექტით, ამ გზის მოწესრიგება $300 მლნ ჯდება”, - აღნიშნავს ირაკლი გურჩიანი.

გარდა გაფუჭებული გზისა, მესტიის პრობლემებს შორის უინტერნეტობა კვლავ მოუგვარებლად რჩება. 

“დღევანდელ დღეს ინტერნეტი რომ არ არის საერთოდ - ეს წარმოუდგენელია. მხოლოდ მობილური ინტერნეტია, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. დამსვენებლები ყოველთვის გამოხატავენ ამის გამო უკმაყოფილებას.

რეალურად, ძალიან მარტივია ინტერნეტის შემოყვანა მესტიაში. ქუთაისიდან მოდის მაღალი ძაბვის ბოძები, რომელსაც შეგიძლია, გამოაყოლო ინტერნეტი, თუმცა თავად ინტერნეტპროვაიდერები არ არიან დაინტერესებული სვანეთში შემოსვლით, რადგან ძვირი ჯდება და მოსახლეობა ცოტაა, არ უღირთ”, - აღნიშნავს გურჩიანი.

მიუხედავად იმისა, რომ “გისტოლა” ელექტროენერგიაზე არ არის დამოკიდებული და სასტუმრო გენერატორით მუშაობს, გურჩიანი BM.GE-სთან ელექტრომომარაგების პრობლემაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი გაუმართაობა ადგილობრივებს უამრავ პრობლემას უქმნის: “დენი ისე ხშირად მიდი-მოდის - წარმოუდგენელია. ხან მაღალი ან დაბალი ძაბვა მოდის, რის გამოც მესტიის მოსახლეობას სულ ეწვება ელექტროტექნიკა, მაღალი ძაბვა ყველაფერს წვავს, რაც ჩართულია…”

გამოწვევების მიუხედავად, სვანეთში უცხოელი ტურისტების აქტივობა კვლავ შეინიშნება, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ზაფხულის სეზონზე “გისტოლას” დამსვენებლების 90% უცხოეთიდან იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები