მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტი კოპიტნარის რკინიგზის სადგურს დაუკავშირდება

5e3bc3a2316d5
ინგა მურუსიძე
06.02.20 11:40
5576
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი კოპიტნარის რკინიგზის სადგურს დაუკავშირდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და პროექტიც დაამტკიცა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობამ დაამტკიცა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და საქართველოს რკინიგზის დამაკავშირებელი პროექტი.

„ჩვენ ვახორციელებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტს, ახალი ტერმინალი შენდება და წლის განმავლობაში შევა ექსპლუატაციაში. დღევანდელი პროექტის შედეგად, საერთაშორისო აეროპორტი დაკავშირებული იქნება რკინიგზის კოპიტნარის სადგურთან. მოხდება ამ სადგურის რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტი მოახდენს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-მშენებლობას, რომელიც დააკავშირებს სწორედ აეროპორტს და სარკინიგზო სადგურს. რაც მთავარია პროექტი დღეს დამტკიცდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, პროექტის განხორციელებაში სამი მხარე მონაწილეობს. ესენია: გზების დეპარტამენტი - რომელიც გზის მშენებლობას განახორციელებს; საქართველოს რკინიგზა - რომელიც სადგურის რეაბილიტაციას მოახდენს და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი „გაერთიანებული აეროპორტების კომპანია“ - რომელიც გაუკეთებს ორგანიზებას ავიამგზავრების შატლებით უფასოდ მომსახურეობას.

ნათია თურნავას განცხადებით, იქნება პერიოდული მიმოსვლა სადგურსა და აეროპორტს შორის, რაც იქნება ძალიან სწრაფი, ეფექტური მომსახურეობა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, საუბარია სულ კილომეტრ-ნახევრიან მონაკვეთზე.

„ეს შატლები დახვდება მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და მიიყვანს ამ განახლებულ სადგურამდე. ეს კიდევ ერთი შედარებით მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ჩვენს ტურისტულ და სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურას შეემატება და კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას შესძენს ქუთაისის აეროპორტს, რომელიც ყალიბდება როგორც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ბაზირების ადგილი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.