მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტში საქართველოში პირველი Walk-through კონცეფციის თავისუფალი ვაჭრობის სივრცე გაიხსნა

63ac73e6931c0
BM.GE
28.12.22 21:35
726
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში საქართველოსთვის სრულიად განსხვავებული კონცეფციის თავისუფალი ვაჭრობის სივრცე (Duty free) გაიხსნა.

საქართველოში პირველი ე.წ. Walk-through კონცეფციის Duty free დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის გაფრენის დარბაზში მოეწყო და დღეიდან მგზავრებს სხვადასხვა საერთაშორისო და ქართული ბრენდების პროდუქციის შეძენა შეუძლიათ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თავისუფალი ვაჭრობის სივრცე ATU Duty Free-მ მოაწყო, რომელმაც საკმაოდ კონკურენტულ აუქციონში გაიმარჯვა.

DUTY FREE-ს გახსნის ოფიციალურ ცერემონიალში მონაწილეობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) დირექტორმა თამარ არჩუაძემ და კომპანიის მენეჯმენტმა მიიღო. ATU Duty Free-ს მხრიდან, რომელიც TAV Airports ისა და Gebr. Heinemann-ის მიერ არის დაფუძნებული და ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი Duty Free ოპერატორი კომპანიაა, ღონისძიებაში სტრატეგიული მიმართულებების დირექტორი აჰმეთ ქოთეჰნე და კომპანიის თოფ მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

,, მოხარულები ვართ, რომ ATU Duty Free-თან ჩვენი თანამშრომლობა შედგა და დღეს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გავხსენით სრულიად განსხვავებული კონცეფციის თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, ე.წ. Walk-throughDuty Free, რომელიც თანამედროვე და საუკეთესო პრაქტიკაა მსგავსი ტიპის ბიზნესში. საქართველოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი პირველია, სადაც ასეთი ტიპის კონცეფციის თავისუფალი ვაჭრობის სივრცე მოეწყო. კომპანია ATU DUTY FREE-ს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ევროპის მასშტაბით თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების მოწყობისა და ოპერირების მიმართულებით. სივრცე დაყოფილია ორ ნაწილად: კონცეპტუალურად ერთ-ერთი მათგანი ქართულ პროდუქციას ეთმობა, რაც ქართველი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. იმედი გვაქვს, რომ ATU DUTY FREE-თან ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ. რაც მთავარია, მნიშვნელოვანია, რომ ის ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრაქტორია და აეროპორტში ერთ-ერთი დიდი დამსაქმებელი", - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

ქუთაისის აეროპორტის თავისუფალი ვაჭრობის სივრცეში ATU DUTY FREE 30 ადამიანი დასაქმდა, რომელთა რაოდენობაც ზაფხულისთვის 50-მდე გაიზრდება.

კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა კი 1 მილიონ ევროს შეადგენს.

აეროპორტის გაფრენის დარბაზის 568 კვ.მეტრზე მოწყობილი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე ორ ნაწილად არის დაყოფილი, კონცეპტუალურად ერთ-ერთი მათგანი ქართულ პროდუქციას ეთმობა, მეორე კი საერთაშორისო ბრენდებს. ქართულ კუთხეში კვების კატეგორიაში ამ ეტაპზე 10 ქართული ბრენდი, 16 ქართული კომპანიის სხვადასხვა სახეობის ღვინო, 6 სახეობის ქართული ყველი, სუვენირები, ჩურჩხელები, ტურისტული თემატიკა და საქართველოსთან დაკავშირებული სხვა პროდუქციაა წარმოდგენილი. პერიოდულად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის DUTY FREE-ში სხვადასხვა ქართული კომპანიები მგზავრებისთვის ღვინის დეგუსტაციას მოაწყობენ და ქართული პროდუქციის მრავალფეროვნებაზე მუშაობა ოპერატორი კომპანიის მხრიდან გაგრძელდება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის Duty Free-ს პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია: სასმელები, თამბაქო, ტკბილეული, პარფიუმერია და კოსმეტიკა. ლუქს ბრენდებიდან მგზავრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება Chanel, Tom Ford , DIOR, აქსესუარებიდან კი Rayban.

ქუთაისის აეროპორტის Duty Free-ში შესაძლებელია ისეთი მსოფლიო საბავშვო ბრენდების პროდუქციის შეძენაც, როგორიცაა: Barbie, LEGO, Maisto და Hotwheels. ATU Duty Free მომსახურებას 7 ქვეყნის 21 აეროპორტსა და 1 საკრუიზო პორტში სთავაზობს. კომპანია ფლობს 110 ზე მეტ მაღაზიას, მათ შორის 20 პრემიუმ ბრენდის მაღაზიას სტამბოლის აეროპორტში. ასევე, სთავაზობს Duty Free მომსახურებას მაკედონიის, ლატვიის, თურქეთისა და საუდის არაბეთის აეროპორტებში. მგზავრებს 50, 000 ზე მეტ პროდუქტს, მსოფლიოში წამყვან ბრენდებსა და ხელსაყრელ ფასებს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები