საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ინტერესთა გამოხატვის საშუალებით იწვევს ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში სატრანსპორტო საშუალებებით, კერძოდ ავტობუსებით არაექსკლუზიური უფლებით მოემსახუროს მგზავრებს.
აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე მგზავრთა გადაყვანა დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტამდე და პირიქით, თბილისიდან და ბათუმიდან ავტობუსის ორი კომპანიის მიერ ხორციელდება. "ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მუდმივად მზარდი ახალი მიმართულებები და გაზრდილი მგზავრთნაკადი საშუალებას იძლევა კიდევ უფრო მეტ კომპანიას მიეცეს ოპერირების საშუალება", - წერია გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განმარტებით, ინტერესის გამოხატვა შეუძლია ყველა იმ ოპერატორს, ვინც დაინტერესებულია საქართველოს დიდი ქალაქებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, გადაიყვანოს მგზავრები და აკმაყოფილებს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ დადგენილ მოთხოვნებს.
აეროპორტების გაერთიანების ვებგვერდზე ატვირთულია დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია ინტერესთან გამოხატვაში მონაწილების პირობები და ის კრიტერიუმები, რომლებსაც კომპანია უნდა აკმაყფილებდეს. მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულმა პირმა განაცხადის წარდგენისას 3 000 ლარი გადაიხადოს: "აეროპორტების გაერთიანება დაინტერესებული პირის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას განიხილავს მხოლოდ განაცხადის წარდგენის საფასურის - 3000 ლარის გადახდის შემთხვევაში. აღნიშნული თანხა ირიცხება აეროპორტების გაერთიანების ანგარიშზე, წარმოადგენს განცხადების განხილვისთვის დადგენილ საფასურს, შესაბამისად, არ ექვემდებარება დაბრუნებას მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული წარდგენილ მოთხოვნასთან დაკავშირებით" - წერია დოკუმენტში.
ამასთან, პრეტენდენტის წინადადებას ორ ეტაპად განიხილება, და პირველ ეტაპზე განაცხადი წარდგენიდან 7 დღეში განიხილება და შეუსაბამობის შემთხვევაში, ხარვეზების გამოსასწორებლად კომპანიას 5 დღე ეძლევა. ხოლო შერჩეულმა კანდიდატებმა მეორე ეტაპზე მგზავრთა გადაყვანის უფლების მეორე ეტაპის პირობები 7 დღის ვადაში უნდა დააკმაყოფილოს.
"მგზავრთა გადაყვანის უფლების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება ძალაში შესული მგზავრთა გადაყვანის უფლების რაოდენობის მიხედვით, კერძოდ თუ აეროპორტში ოპერირებს:
- მხოლოდ ერთი ოპერატორი, ყოველთვიური გადასახდელი თანხა განისაზღვრება 25 000 (ოცდახუთი ათასი ) ლარის ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით;
- ერთდროულად 2 (ორი) ოპერატორის არსებობის შემთხვევაში, თითოეული მათგანის მიერ ყოველთვიური გადასახდელი თანხა განისაზღვრება 12 500(თორმეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით;
- ერთდროულად 3 (სამი) ოპერატორის არსებობის შემთხვევაში, თითოეული მათგანის მიერ ყოველთვიური გადასახდელი თანხა განისაზღვრება 8 500 (რვა ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით;
- ერთდროულად 4 (ოთხი) ოპერატორის არსებობის შემთხვევაში, თითოეული მათგანის მიერ ყოველთვიური გადასახდელი თანხა განისაზღვრება 6 500 (ექვსი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით;
- ერთდროულად 5 (ხუთი) ოპერატორის არსებობის შემთხვევაში, თითოეული მათგანის მიერ ყოველთვიური გადასახდელი თანხა განისაზღვრება 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით და ა.შ. პროპორციულად.
მგზავრთა გადაყვანის უფლების მიღების პირობებს და პროცედურებს დეტალურად შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე გაეცნოთა: https://www.airports.ge/b2b/request-for-proposal
დაინტერესებულ პირებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა გადაყვანის უფლების მოპოვებაზე განაცხადის შემოტანა შეუძლიათ 2024 წლის 15 ნოემბრის 16:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, შალვა ჭანკოტაძის ხეივანი N21 ან ელექტრონულ ფოსტაზე: business@airports.ge.