23.ივნისი .2021 22:31

“ქუთაისში სასტუმროები მხოლოდ ქალაქის ცენტრშია დატვირთული, სხვაგან ცარიელია” - ლაშა ბერეკაშვილი

“ქუთაისში სასტუმროები მხოლოდ ქალაქის ცენტრშია დატვირთული, სხვაგან ცარიელია” - ლაშა ბერეკაშვილი
views 315
უკან

TBC Сapital-ის მიერ გამოქვეყნებული საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, მაისში დიდი სასტუმროების დატვირთულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მცირე და საშუალო სეგმენტში კი დატვირთვის მაჩვენებელი დაბალ ნიშნულზეა. სექტორულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ყველაზე დიდი დატვირთვით ბათუმის და კახეთის სასტუმროები გამოირჩევიან.

როგორც ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავჯდომარე ლაშა ბერეკაშვილი ამბობს, ქუთაისში, სასტუმროები მხოლოდ ქალაქის ცენტრშია დატვირთული, სხვა შეთხვევაში განთავსების ობიექტებს ჯავშნების მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ. მისი თქმით, ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ქუთაისის აეროპორტი ამ დრომდე იმ სიმძლავრით არ ამუშავებულა, რითაც პანდემიამდე პერიოდში მუშაობდა.

“მთავარი მიზეზი არის ის, რომ ქუთაისის აეროპორტი არ ამუშავებულა იმ სიმძლავრით, რაც პანდემიამდე წელს იყო. უფრო მეტიც, არ ამუშავებულა არათუ პანდემიამდე პერიოდის მსგავსად, არამედ მინიმუმსაც ვერ აკმაყოფილებს. ერთადერთი ქუთაისის გამოცოცხლება ყაზახეთიდან შემოსულმა ტურისტების ნაკადებმა შეძლო, თუმცა მათი არჩევანი ხშირ შემთხვევაში ქალაქის მხოლოდ ცენტრალური უბანზე კეთდება.

ქუთაისის დანარჩენ უბნებში სასტუმროებს ასაზრდოებდა ევროპიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა, ახლა კი ისინი ცარიელია. ეს კი იმის გამო, რომ ქუთაისის აეროპორტში ევროპის მიმართულებით ის რეისები არ გვაქვს, რაც გვქონდა. მთელი თვენახევარია, რაც ქუთაისის აეროპორტი გაიხსნა და დღეს იწყება ახალი ავიაკომპანიების შემოსვლაზე საუბარი, ეს რომ დაწყებულიყო თვენახევრით ადრე, ეს პრობლემა არ გვექნებოდა", - აცხადებს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავჯდომარე ლაშა ბერეკაშვილი.

ცნობისთვის, TBC CAPITAL-ის კვლევის მიხედვით, „სასტუმროების საშუალო დატვირთულობამ მაისში 22% შეადგინა. იანვრიდან მაჩვენებელი მკვეთრად უმჯობესდებოდა დიდი სასტუმროებისთვის (40% მაისში), რაც ტურისტული ვიზიტების მატებისა და ადგილობრივი დამსვენებლების გააქტიურებასთან ერთად, მათი კონკურენტული უპირატესობითაა განპირობებული. მცირე და საშუალო სასტუმროების დიდი ნაწილი კვლავ დაკეტილია. ამ სეგმენტში დატვირთულობამ მაისში 7% შეადგინა".